მდინარაძე ირწმუნება, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა ღარიბაშვილის წერილებს არ უკავშირდება
მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებს არ უკავშირდება.
"პირველებმა" რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტიდან წასულ მაღალჩინოსანს დღეს ბრიფინგზე ჰკითხა - "ხომ არ წავიდა პოლიტიკად იმის გამო, რომ ჩათვალა ირაკლი ღარიბაშვილის წერილებით პრობლემა შეუქმნა პარტიას?"
"არა, არა და არა ..."- იყო ამ კითხვაზე ყოფილი მაღალჩინოსნის პასუხი.
მამუკა მდინარაძე ისევ ირწმუნება, რომ ირაკლი ღარიბაშვილისთვის რუსთავის ციხეიში წერილი არ გაუგზავნია - "ოცნების" აწ უკვე ყოფილი ლიდერი დღეს ტელეკამერების წინ ამტკიცებდა, რომ ყოფილი პრემიერისთვის სხვა პირის მეშვეობითაც არასდროს არაფერი შეუთვლია.
წერილი გამოგზავნაო ხომ თქვა? რა შევუთვალე? წერილში რა ეწერა, იცით თქვენ? წაკითხული გაქვთ ეს წერილი? მივყვეთ ლოგიკას. ახლა თავისუფლად საუბრის საშუალება მაქვს. მისი მხარდამჭერის პოზიციიდან არის წერილი დაწერილი, მამუკა მდინარაძის რანაირად შეიძლება რომ ყოფილიყო? სად არის ლოგიკა, აბა მითხარით. „ჩვენ ორი გზა გვაქვს“ და რაღაცები ეწერა, ან „უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე“- მამუკა მდინარაძე წერდა ვიბრძოლოთ ბოლომდეო? თქვენ სერიოზულად უყურებთ ამ საკითხს? არავისთვის არასდროს გამიგზავნია წერილი. დია აბსურდია, რასაც წერს. პირდაპირ გეუბნებით, მსგავსი საკითხებით მე არასდროს ვყოფილვარ დაკავებული“, - განაცხადა მდინარაძემ.
"პირველებმა" მდინარაძეს ჰკითხა, თუ საიდან გაიგო ციხეში წინასწარ ყოფილმა პრემიერმა, რომ მისთვის ახალი ბრალდება მზადდებოდა. ივანიშვილის გუნდის აწ უკვე ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საქართველოში ინფორმაციის მიღება რთული არ არის, მითუმეტეს როცა, ყოფილი პრემიერი ხარ.
საქართველოში რთულია ხოლმე ინფორმაციის მიღება? ყოფილ თავდაცვის მინისტრს რომ კითხავენ, იქ რაღაც განთქმითი ჩვენება რომ არის, ამის შესახებ რომ შეიძლება ინფორმაცია მიეღო ყოფილ პრემიერს, ეს გიკვირთ? არვიცი ჩემზე რატომ საუბრობს ღარიბაშვილი. ზედაპირული ვარაუდი შეიძლება გამოვთქვათ, რომ მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც ერთი წამით უკან არ დახეულა კორუფციასთან ბრძოლაში და თუკი ვინმე განაწყენებულია, რომ სუს-ი აკავებდა ვინმეს კორუფციულ დანაშაულზე, მაშინ, როცა მამუკა მდინარაძე იყო სუს-ის უფროსი, შეიძლება ამასაც მივაწეროთ, მაგრამ, მე ამაში არ ვარ დარწმუნებული, რომ მაინცდამაინც ასე იყო. შეიძლება ვინმეს მამუკა დაბალ ღობედ მოეჩვენა, ან მერე მოეჩვენა, რაც მდინარაძე იმ თანამდებობაზე აღარ იყო. შეიძლება აწი უარესი თქვან, მაგრამ ერთ-ერთ ზედაპირულ ვარაუდად, ესე შეიძლება გამოვთქვათ", - განაცხადა მდინარაძემ.
- "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" წევრებს და ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.
გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი.
ღარიბაშვილმა მის თანაპარტიელს, მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დასდო ბრალი. მდინარაძემ შუამავლობა კამერების წინ უარყო და თქვა, რომ ექს-პრემიერი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, "ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს".
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა. მანამდე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებდა.