გრიგოლ გეგელია: ამ ვირთხების რბოლაში და ერთმანეთის დაჭმაში, შემდეგი არის ირაკლი კობახიძე

27.08.26 15:30
გრიგოლ გეგელია: ამ ვირთხების რბოლაში და ერთმანეთის დაჭმაში, შემდეგი არის ირაკლი კობახიძე

 

 

"ამ ვირთხების რბოლაში და ერთმანეთის დაჭმაში, შემდეგი არის ირაკლი კობახიძე" - ასე ეხმაურება "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. 

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, "ჩვენ ახლა ყველანი ვუყურებთ, როგორ ჭამენ ივანიშვილის ვირთხები ერთმანეთს". 

"მაქვს ერთადერთი კითხვა - წაიღებს თუ არა იმ ჩინ-მედლებს თან" - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. 

მე ძალიან დამწუხრებული ვარ მისი წასვლით და არ ვიცი რა ბედი ელის დაობლებულ რეგიონებს, ნამდვილად შემაშფოთებელია, რომ ჩვენი ქართული რეგიონები დარჩა ასეთიო ღვაწლმოსილი პატრონის გარეშე, როგორიც იყო ბატონი მდინარაძე მთელი ამ ერთი კვირის განმავლობაში, რაც მან ამ პოსტზე იმსახურა და მაქვს ერთადერთი კითხვა - წაიღებს თუ არა იმ ჩინ-მედლებს თან. ჩვენ ვხედავთ ვირთხების რბოლის გაგრძელებას, ეს არის სუსტი, ჩამოშლილი რეჟიმის პირდაპირი და მკაფიო დადასტურება. ჩვენ ახლა ყველანი ვუყურებთ, როგორ ჭამენ ივანიშვილის ვირთხები ერთმანეთს, სხვადასხვა ფრაქციები, სხვადასხვა კლანები და ეს არის ზუსტად ივანიშვილის ხელწერა, ის სხვადასხვა ვირთხებს დააჭმეინებს ერთმანეთს ბოლომდე, სანამ ყველას ერთად ჩარეცხავს და თუ საჭირო გახდა გამოცვლის. 

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შემდეგი ამ ვირთხების რბოლაში და ერთმანეთის დაჭმაში, შემდეგი არის ირაკლი კობახიძე, როგორც მომავალი მსხვერპლი, ვამპირი ივანიშვილისა. მინდა ქოცებს ესმოდეთ, აბსოლუტურად ყველა მათგანს ისე შეჭამს და გამოხრავს, როგორც თავისი პაიკი ღარიბაშვილი შესანსლა ცოტა ხნის წინ," - აცხადებს გრიგოლ გეგელია. 

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" წევრებს და ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.

გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი. 

ღარიბაშვილმა მის თანაპარტიელს, მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დასდო ბრალი. მდინარაძემ შუამავლობა კამერების წინ უარყო და თქვა, რომ ექს-პრემიერი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, "ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს".

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა. მანამდე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებდა.