მდინარაძის წასვლა კობახიძესაც უკავშირდება - გედევან ფოფხაძე
"ოცნების" ყოფილი თანაგუნდელი, გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ მამუკა მდინარაძის წასვლა ირაკლი კობახიძესაც უკავშირდება. ფოფხაძის თქმით, დღეს უკვე პრემიერ-მინისტრი აღარაფერს არარ წარმოადგენს და მას ბიძინა ივანიშვილი როცა მოუნდება მაშინ შეუცვლის ადგილს.
"ბიძინა ივანიშვილმა შექმნა სისტემა, სადაც მას ჰყავს მარტო პაიკები, ნებისმიერი პაიკი შეუძლია შეწიროს ან სხვა ფიგურად აქციოს" - ამბობს ფოფხაძე
ის, რომ ეს მოხდებოდა, ეს ყველამ ვიცოდით, როცა კობახიძემ ბრიფინგი ჩაატარა და გამოაცხადა, რომ ეს კაცი ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიდისო. ლილუაშვილსაც მაშინ სპეციალურად შეუქმნეს სამინისტრო, იქ უნდა წასულიყო, მერე აღმოჩნდა, რომ რაღაცა ერთმანეთში ვერ გაარკვიეს. არის თვალსაჩინო და მარტივად წინასწარმეტყველებადი სტანდარტი, რომელიც შექმნა "ქართულმა ოცნებამ". ამ სისტემაში არავინ არაფერი არ არის. ყველა არის განულებული. შესაბამისად, არც კობახიძე არაფერს აღარ წარმოადგენს და არც არაფერს წარმოადგენდა არასდროს. კობახიძესაც უკავშირდება მდინარაძის წასვლა, ზარდიაშვილთანაც არის ეს პროცესი დაკავშირებული. ბიძინა ივანიშვილმა შექმნა სისტემა, სადაც მას ჰყავს მარტო პაიკები, არცერთი სხვა ფიგურა მაგიდაზე არ არის და ნებისმიერი პაიკი შეუძლია რაღაც მომენტში სხვა ფიგურად აქციოს და შეუძლია შეწიროს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" წევრებს და ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.
გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი.
ღარიბაშვილმა მის თანაპარტიელს, მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დასდო ბრალი. მდინარაძემ შუამავლობა კამერების წინ უარყო და თქვა, რომ ექს-პრემიერი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, "ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს".
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა. მანამდე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებდა.