სააკაშვილი: არარაობა მდინარაძის გაგდებით და მოსალოდნელი დაჭერით ივანიშვილმა დაადასტურა, რომ თვითონ "აკაჩავებდა" ღარიბაშვილს
"არარაობა მდინარაძის გაგდებით და მოსალოდნელი დაჭერით პროვინციელმა დიქტატორმა დაადასტურა, რომ თვითონ ივანიშვილი პირადად "აკაჩავებდა" ღარიბაშვილს" - ასე ეხმაურება მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას რუსთავის ციხიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ მამუკა მდინარაძემ ჩააგდო "ღარიბაშვილის მიჭირხვნის ოპერაცია" და სწორედ მან ვერ ამოიღო ფული ღარიბაშვილ-ლილუაშვილისგან.
უფრო მეტიც, სააკაშვილის ინფორმაციით, მამუკა მდინარაძემ ივანიშვილმა ფულის უნებართვოდ აღებაში გამოიჭირა.
არარაობა მდინარაძის გაგდებით და მოსალოდნელი დაჭერით პროვინციელმა დიქტატორმა დაადასტურა, რომ თვითონ ივანიშვილი პირადად "აკაჩავებდა" ღარიბაშვილს.
მდინარაძემ არა მხოლოდ ღარიბაშვილის მიჭირხვნის ოპერაცია ჩააგდო, არამედ ჩააფლავა ჭორვილელის მთავარი დავალება, რომლის გამოც დანიშნეს დიქტატორის სუსის უფროსად. ვერ ამოიღო ფული ღარიბაშვილ-ლილუაშვილისგან, რომელთაც ობშიაკის ფული მოტეხეს. არა მხოლოდ არ ამოიღო, არამედ პატრონმა ფულის, მის უნებართვოდ აღებაში გამოიჭირა.
სასაცილოა ტერმინი "პოლიტიკიდან წავიდა". ეს სუბიექტები არ არიან პოლიტიკაში, ივანიშვილმა პოლიტიკა გააქრო. დემოკრატიის გაქრობის პარალელურად, ჩვენ ვაკვირდებით სისხლიანი ბანდის დიდ მაფიოზურ გარჩევებს, რომლებსაც პოლიტიკასთან არაფერი საერთო არ აქვს.
საერთოდ ივანიშვილმა ყველაფერი ჩაანაცვლა ერთი მთლიანი "სასამართლო პროცესებით", მკვლელობა-თვითმკვლელობის ამბებით და თავისი მაფიის შიდა ომით.
ერთი რამე კი მიკვირს, ხალხი ყავაზე ისე მკითხაობს, მოხსნის თუ არა ივანიშვილი კობახიძეს და ავიწყდება რომ ივანიშვილი თვითონ გასაგდებია და ამაზე უნდა იფიქრონ.
ამ ყველაფერში კარგი ისაა, რომ მაფიის მმართველობა შიგნიდან იშლება და დასასრულს სწრაფად უახლოვდება", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" წევრებს და ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.
გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი.
ღარიბაშვილმა მის თანაპარტიელს, მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დასდო ბრალი. მდინარაძემ შუამავლობა კამერების წინ უარყო და თქვა, რომ ექს-პრემიერი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, "ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს".
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა. მანამდე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებდა.