ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლაზე
ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლაზე - მთავრობის მეთაური ირწმუნება, რომ მის თანაგუნდელს წასვლის შესახებ მყარი გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული და ეს პოზიცია ვერც მან და ვერ ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეაცვლევინეს.
კობახიძემ რაჭიდან გადაუხადა მადლობა მამუკა მდინარაძეს გაწეული 10 წლიანი სამსახურისთვის და თქვა, რომ თანაგუნდელის გადაწყვეტილება მისთვის სამწუხარო იყო.
მე პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს მის მიერ გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, მისი დამსახურებისთვის გუნდის წინაშე. ის 10 წლის განმავლობაში უამრავ რამეს აკეთებდა, რაც აისახა ქვეყნის განვითარებაზე, გუნდის გაძლიერებაზე, შესაბამისად მას ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის სამწუხაროა ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო. ჩვენ გვქონდა შეხვედრა გუშინ, ასევე დღეს, მათ შორის გქვონდა კონსულტაციები ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ეს იყო მისი გადაწყვეტილება, ჩვენ ვცადეთ დაგვერწმუნებინა ის საპირისპირო გადაწყვეტილებაში, თუმცა მას მყარი პოზიცია ჰქონდა ჩამოყალიბებული. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავუხდი მამუკა მდინარაძეს იმ ყველაფრისთვსი, რაც მას აქვს გაკეთებული და ძალიან ბევრი რამ აქვს მას გაკეთებული როგორც ქვეყნისთვის, ისე გუნდისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" წევრებს და ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.
გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი.
ღარიბაშვილმა მის თანაპარტიელს, მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დასდო ბრალი. მდინარაძემ შუამავლობა კამერების წინ უარყო და თქვა, რომ ექს-პრემიერი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, "ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს".
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა. მანამდე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებდა.