ივანიშვილს უნდა კოლუმბიური ნარკო-კარტელის სტილის მმართველი იყოს, მაგრამ არც ისაა ესკობარი და არც საქართველო კოლუმბია - თევზაძე
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, თენგო თევზაძე ამბობს, რომ მამუკა მდინარაძის "ოცნების" შიგნით არსებულ "კლანურ დაპირისპირებას" შეეწირა.
"ივანიშვილს უნდა კოლუმბიური ნარკო-კარტელის სტილის მმართველი იყოს, მაგრამ არც ისაა ესკობარი და არც საქართველო კოლუმბია" - ამბობს თენგო თევზაძე.
ივანიშვილმა მოკლა პოლიტიკა და პოლიტიკად აქცია ამ ბანდებს შორის დაპირისპირება. მას შეიძლება ჰქონდეს სურვილი იყოს რაღაცა კოლუმბიური ან მექსიკური ნარკო-კარტელის სტილის მმართველი, მაგრამ არც საქართველოა კოლუმბია და არც ივანიშვილია ესკობარი, რომ ეს გაქაჩოს საქართველოში, ამიტომ ჩვენ ვხედავთ დაბალი კლასის კრიმინალების დაპირისპირებას.
მდინარაძე იყო ფულის მთავარი ამომღები "ქართულ ოცნებაში" სხვა კრიმინალებთან ერთად, ეს არის მისი მოღვაწეობა და "ქართული ოცნება" შიდა კლანურ დაპირისპირებაში ისე გაერთო და ისე შევიდა, რომ ვეღარ გამოვა მაქედან. ისე დასრულდება ბიძინა ივანიშვილი, რომ ის ამ კლანური გარჩევებიდან თავს ვერ დაღწევს". - განაცხადა თენგო თევზაძემ.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" წევრებს და ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.
გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი.
ღარიბაშვილმა მის თანაპარტიელს, მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დასდო ბრალი. მდინარაძემ შუამავლობა კამერების წინ უარყო და თქვა, რომ ექს-პრემიერი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, "ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს".
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა. მანამდე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებდა.