ნანუკა ჟორჟოლიანი ეჭვობს, რომ ღარიბაშვილის მიერ დასახელებული ამბის მიღმა "გაცილებით უფრო მძიმე ამბავი იმალება"
როგორც ჩანს, გაცილებით უფრო მძიმე ამბავი იმალება ამ ყველაფრის მიღმა [ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმე] - ასე ეხმაურება ნანუკა ჟორჟოლიანი facebook-სტატუსის გამო, პრკურატურაში მის გამოკითხვაზე დაბარებას.
ჟურნალისტი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ციხიდან გამოგზავნილ წერილში დასახელებული „ასავალ-დასავლის“ რესპონდენტის გარდაცვალების საქმეზე "აჟიოტაჟის ატეხვის" მიზანია, საზოგადოებამ თვითმკვლელობის საქმეებზე არ ისაუბროს.
რაც შეეხება დაკითხვას, ჟურნალისტი ამბობს, რომ ის პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და გამომძიებლებს ჩვენებას მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე მისცემს.
"არ მეგონა, რომ ასეთი შეშინებულები იყვნენ ამ თემით [ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმე]. როგორც ჩანს, გაცილებით უფრო მძიმე ამბავი იმალება ამ ყველაფრის მიღმა, ვიდრე მე წარმომიდგენია, იმიტომ რომ ამხელა განგაში, სტატუსის დაწერის გამო, პროკურატურა დაკითხვაზე გიბარებდეს, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ თემაზე საუბარი ვერ გავბედოთ. ძალიან კარგი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავილებით უფრო მეტი უნდა ვწეროთ. რაც შეეხება გამოკითხვას, რა თქმა უნდა, შევხვდებით სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლესთან, პროკურატურაში მისვლას არ ვაპირებ"- უთხრა "პირველებს" ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ამავე თემაზე:
3 სექტემბერს პროკურატურამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ გამოკითხავენ იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილში დასახელებულ თვითმკვლელობის საქმეებზე კომენტარი გააკეთეს. გამოსაკითხთა სიაშია თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.
მთავარ საგამოძიებო ორგანოში აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.
საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.
- "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.
ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.
ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.