გირგვლიანი, 7 ნოემბერი და გელაშვილი - მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური აღსარება
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ქართული მართლმსაჯულების წინაშე 7 ნოემბრის, სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმის შესახებ დღეს პირველად ისაუბრა.
სააკაშვილის თქმით, ორივე საქმე თაროდან იმიტომ ჩამოიტანეს, რომ "საქართველოსკენ არ გამოეხედა":
ერთი საქმეა ე.წ. გირგვლიანის საქმე, რომელიც არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის და ასე დაარქვეს პიარისთვის. ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანი სიკვდილი. ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულნი 2008 წლის ომის შემდეგ. მოხდა სამხედროების ამნისტია, 280 სამხედროსი, მათ შორის, ერთი, გავიგე, თმებით დამათრევდა გლდანის ციხეში. ამით მოხდა საპატიმრო ვადის განახევრება. იქიდან გავიდა კიდევ 6 თვე და ორმა სხვადასხვა მოსამართლემ გამოუშვა უდოთი და ამ მოსამართლეებიდან ერთი ახლა მე მასამართლებს ე.წ. პიჯაკების საქმეზე. მართლა ხომ არ ბნელა? ჩალით ხომ არ არის დახურული ეს ქვეყანა? "- თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
რაც შეეხება გელაშვილის საქმეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ბრალდება თავიდან ბოლომდე აბსურდულია.
საქმე დაახლოებით ამგვარ ჩვენებაზე დაფუძნებული: „მე გავიგე, რომ იმან გაიგო”, არც ერთ სამართლებრივ ქვეყანაში არ შეიძლება, იქნას მიღებული როგორც მტკიცებულება. რა გასაკვირია, რომ როდესაც ეს განაჩენები ინტერპოლს გაუგზავნეთ, ინტერპოლმა გადაიხარხარა და თავზე გადაგახიათ ეს განაჩენები.
თვითონ ვესაუბრე ინტერპოლის პრეზიდენტს, რომელმაც მითხრა, რომ „თქვენი პროკურატურა არის სამარცხვინო” - აღნიშნა სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, 7 ნოემბერის კადრები ცუდი სანახავია და ცუდად აგონდება:
რომ ატრიალებთ კადრებს, რომელიც ცუდი სანახავია და ცუდად ვიგონებ, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი? რომელსაც დაზარალებულების რაოდენობით ვერც შეედრება 7 ნოემბერი, გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას სიკვდილი? რომელიც წაახალისა უმაღლესი თანამდებობის პირმა თავისი განცხადებებით?" - მიმართა ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილმა.
ბრალდებულმა პრეზიდენტმა იმ გეოპოლიტიკურ კონტექსტზე ისაუბრა, რომელიც 2007 წელს იყო.
საქართველო მიდიოდა ნატო-სკენ, 2006-ში პუტინმა მითხრა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა ეს პროცესი შეეჩერებინა. იმ წელს ლუკაშენკომ მკითხა, თუ ვინ არის არკადი პატარკაციშვილი, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც ჩემთან სურს შეხვედრა. მე ვუთხარი, როგორც გინდა, ქენი, მაგრამ არაფერი საქმიანი მაქედან არ გამოვა-მეთქი. არ მიიღო. მერე მაინც ჩავიდა მინსკში პატარკაციშვილი.
ეფ ეს ბეს სამი გენერალი ჩავიდა, ესაა ლუკაშენკოს ნათქვამი და პატარკაციშვილს შეხვდა და ამის შემდეგ პუტინმა გამოუცხადა ლუკაშენკოს, რომ ეს არის საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი. ეს ხდება 2007 წლის სექტემბერში.
ამის შემდეგ იწყება კამპანია, პატარკაციშვილის დაფინანსებული გამოსვლები, ეს ფული იყო მთლიანად რუსული. ვისაც აინტერესებს, თუ რა შუაშია რუსეთი..."- თქვა სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი იქვე ამბობს, რომ ამ საკითხებზე ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უნდა ინახებოდეს:
სუს-ში უნდა ინახებოდეს ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს წერილი, რომელიც მათ მოგვწერეს 2007 წლის შემოდგომაზე, რომ ერევენში, ჩამოსულები იყვნენ ერევანში უსოიანი და კიდევ რამდენიმე ქართველი "კანონიერი ქურდი". რომელთა მიზანი იყო არეულობა საქართველოს დედაქალაქში. ესაა ეფ ბი აი-ს გაფრთხილება და წერილი.
2007 ოქტომბერში თბილისში გაიმართა ისტორიული კონფერენცია, ჩამოვიდა ნატო-ს გენერალური მდივანი, ჩამოვიდა ამერიკის ელჩი ნატო-ში. სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ჩამოვიდა რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი. ამ კონფერენციაზე გადაწყდა საქართველოსთვის მაპის მიცემა, ისინი წავიდნენ საოცარი შთაბეჭდილებით. წავიდნენ 30 ოქტომბერს, 2 ნოემბერს დაიწყო დიდი გამოსვლები"- იხსენებს სააკაშვილი.
მისი თქმით, შორს არის იმ აზრისგან, რომ აქციებისას ყველა გამომსვლელი "რუსეთის დაკრულზე ცეკვავდა", თუმცა მისივე შეფასებით, "ეს იყო რთული პერიოდი".
ჩვენ ჩავატარეთ რთული რეფორმები, რამდენიმე ათასი პოლიციელი დარჩა უმუშევარი, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გადაეწყო ახალ რელსებზე. ინფლაცია იყო არა ისეთი დიდი, როგორც ახლა, მაგრამ საკმაოდ მაღალი. ხალხი ჰქონდა ობიექტური მიზეზები, რომ ჩვენზე გაბრაზებულნი ყოფილიყვნენ.
მართლაც იყო დიდი მიტინგი. ეს იყო სიგნალი. ამ მიტინგზე მოვიდა პატარკაციშვილი და წარმოთქვა სეფე სიტყვა. ამით ნათელი გახდა ყველაფერი...
7-ში დილით მაღვიძებენ, რომ პოლიციას შეტაკება მოუვიდა ვიღაცებთან, დაახლოებით ისეთი რაღაც მოხდა, რაც დღეს სასამართლოს წინ. როცა გაზი შეასხეს დემონსტრანტებს და ვიღაცები დააკავეს. ამის შემდეგ უფრო ბევრად მეტი ხალხი გამოვიდა, ამის შემდეგ ჩაერთო შინაგან საქმეთა მინისტრი, ამ ყველაფერს მე ვუყურებდი ტელევიზორით. ისინი ასრულებდნენ თავის მოვალეობას ისე, როგორც მათ ესმოდათ, ისინი იყვნენ ძალიან გამოუცდელი. ღმერთმა დაგვიფარა და არავინ დაღუპულა. ერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ, რომელთან მე სახლშიც მივედი. ეს ხდება ყველა ქვეყანაში, ამაზე არავის მოსდის საქმების აღძვრა, გარდა განსაკუთრებული მანიაკებისა"- დასძინა სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, მძიმე მოვლენების შემდეგ მან თანამდებობა დატოვა:
გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა წელიწადნახევრით და წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგე. რატომ გავაკეთე ეს? იმის გამო, რომ ჩამეშალა გეგმები, რომ რომ ამ აქციების გამო არ დაგვბლოკოდა ნატოსთან ინტეგრაცია, მერე პრეზიდენტმა ბუშმა მიმიწვია და მითხრა, რომ სწორედ იმიტომ მიჭერდნენ მხარს, რაც გავაკეთე, რომ გადავდექი. რომ არ ეპოტინები ხელისუფლებასო. ქართველმა ხალხმა ამ საქმეზე უკვე ვერდიქტი გამოიტანა, რასაც ახლა აქ მედავებიან”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე განაცახდა, რომ მას ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული, მისი თქმით, ვერ შეძლო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა.
"ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო" - თქვა სააკაშვილმა.