დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ, საქართველო მან 7 დღეში უნდა დატოვოს
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ - უფლებები საქართველოს ცნობით, სამოქალაქო აქტივისტს სასამართლომ კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა შეწყალებული დენის კულანინის საქართველოს ტერიტორიიდან გაძევების შესახებ.
დენის კულანინს განესაზღვრა 7 დღე საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დასატოვებლად.
,,უფლებები საქართველო" აგრძელებს დენის კულანინის ინტერესების დაცვას მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში მის გამგზავრებამდე"- წერია განცხადებაში.
დენის კულანინი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, მას რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანებას ედავებოდნენ და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
კულანინი იმ პირებს შორისაა, რომელიც 28 აგვისტოს მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა. ყაველაშვილმა შეიწყალა საპროტესტო აქციებში მონაწილე 9 პირი, რომლებმაც მას შესაბამისი განცხადებით მიმართეს.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა -მათ შორის არიან დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინ, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.
ფოტო: პუბლიკა