“მამუკა მდინარაძის კლანის თავზე შავი ღრუბელი შეიკრა“ - ოპოზიცია ვარაუდობს, რომ სამთავრობო ცვლილებები გაგრძელდება
ოპოზიცია ვარაუდობს, რომ სამთავრობო ცვლილებები გაგრძელდება, რადგან, მათი თქმით, ხელისუფლებაში“ ისტერიული კრიზისია“.
“ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრი, თაზო დათუნაშვილი მიიჩნევს, რომ “ეს ჰაერიდან მოტანილი ამბები არ არის და “დავიღალე, წადის“ გაგრძელებები აუცილებლად მოჰყვება.
კრიზისი არის ისტერიული. კრიზისი არ არის უბრალოდ პოლიტიკური და კონცენტრირებული. ჩვენ ვხედავთ კლანური დაპირისპირების კიდევ ერთ ფაზას და ჩვენ ვხედავთ ძალიან ნათლად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პარანოიას, რომელიც ერთ დღეში ღლის ადამიანს. დაიღალე, წადი, დაიღალე, წადი - კიდევ უნდა შეგვხვდეს, ამას გაგრძელებები ალბათ მოყვება, არ არის ეს ჰაერიდან მოტანილი ამბები. ნათლად ვხედავთ, რომ შავი ღრუბელის კამარა შეიკრა მამუკა მდინარაძის და მისი კლანის თავზე, - ამბობს თაზო დათუნაშვილი.
“ოცნების“ გუნდში არსებულ კრიზისზე საუბრობს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილიც. მისი თქმით, ივანიშვილი ვერ ჩამოყალიბდა, ვის ენდოს და ვის არა.
გუნდში არის დიდი კრიზისი, დიდი გარჩევები, ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ ჩამოყალიბდა, ვის შეიძლება ენდოს, ვის ვერ ენდოს, ვინ არის მოღალატე, ვინ არის მდინარაძის გუნდში, ვინ გაყვება ბიძინა ივანიშვილს და ვინ არის მისი პირადი ყურმოჭრილი მონა. ეს საკითხები მოუგვარებელი აქვს ამ ადამიანს ბოლო 2-3 წელია, ღარიბაშვილის გადაყენებიდან დ დაჭერიდან გაგრძელებული დღემდე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცებს იმედი ეძლევათ, რომ ახლა ჩამოიშლება “ოცნება“ და ხელისუფლების გასაღები ქუჩაში ეგდება, მივალთ და ავიღებთ. ამისთვის ქართველ ხალხს, ოპოზიციურ პარტიებს და სამოქალაქო საზოგადოებას ცალკე აქვს საბრძოლველი, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
დღეს ეს გუნდი თავდაღმართშია და საბოლოო ჯამში ბიძინა ივანიშვილსაც ჩაიყოლებენ, - ამბობს კოალიცია “ცვლილებისთვის“ ლიდერი, თენგო თევზაძე.
ამ მასშტაბი და უფრო დიდი მასშტაბისაც, რეორგანიზაცია და ცვლილებები გაგრძელდება და საბოლოო ჯამში დასრულდება იმ პოლიტიკური დასასრულით, რა პოლიტიკური დადასრულიც ელოდება მდინარაძეს და კობახიძის კლანს. დღეს ეს გუნდი თავდაღმართშია და საბოლოო ჯამში ბიძინა ივანიშვილსაც ჩაიყოლებენ და მე ამაში დარწმუნებული ვარ, - ამბობს თენგო თევზაძე.
“გახარიას საქართველოსთვის“ წევრი, გიგა ფარულავა გამორიცხავს რომ აღნიშნული საკადრო ცვლილებები დეპუტატებთან წინასწარ იყოს შეთანხმებული.
მამუკა მდინარაძეც ამტკიცებდა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა და დაუღალავად იშრომებდა საქართველოს კეთილდღეობისთვის, მაგრამ ნახეთ, ერთ უეცარ დღეს ის წავიდა სახლში. გამოვრიცხავ, რომ საკადრო ცვლილებები დეპუტატებთან წინასწარ იყოს შეთანხმებული - განაცხადა ფარულავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
დღესვე ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. რაც შეეხება გელა გელაძეს, ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.