"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა -კულტურის მინისტრი მაია ბითაძე იქნება

15.09.26 11:01
"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა -კულტურის მინისტრი მაია ბითაძე იქნება

"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა - კულტურის მინისტრად მაია ბითაძე ინიშნება. ამის შესახებ ცნობილი ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან გახდა. 

მინდა გაცნობოთ, რომ დღეს საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა ქალბატონი მაია ბითაძე. მას საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ქალბატონ მაიას აქვს მართვის განსაკუთრებული გამოცდილება. მრავალი წლის მანძილზე ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას, მათ შორის წლების მანძილზე იყო გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, ასევე, წლების განმავლობაში გახლდათ ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, მათ შორის გარკვეული პერიოდის განმავლობაში კურირებდა კულტურის მიმართულებას. როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლიდან ქალბატონი მაია ბითაძე არის საქართველოს პარლამენტის წევრი და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე. ის არის სამართლის დოქტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც მაიას ვთხოვეთ დაეკავებიან საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მაია იქნება ძალიან წარმატებული კულტურის მინისტრი. მინდა მას დიდი წარმატება ვუსურვო“,-განაცხადა კობახიძემ.

თავის მხრივ, როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, ის ახალ სამსახურში მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით მიდის:

ეს გადაწყვეტილება ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ნდობაა. ძალიან კარგად ვიაზრებ პასუხისმგებლობის იმ ხარისხს, რომელიც მაკისრია როგორც გუნდის, ასევე თითოეული იმ ადამიანის წინაშე, ვინც ქმნის ქართულ კულტურას. კულტურა ეს არამხოლოდ შემოქმედება და კულტურული მემკვიდრეობა, არამედ ეს ჩვენი ერის თვითმყოფადობის იდენტობის ნაწილი და ის ენაა, რითაც ჩვენ უნდა ვესაუბროთ მთელ მსოფლიოს. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მთელს გუნდს, ჩემს კოლეგებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებთან ერთადაც წლებია ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას. კარგად მესმის, თუ რა დიდი გზა გვაქვს გასავლელი. იმედი მაქვს, რომ ძალიან წარმატებული იქნება ჩვენი საქმიანობა, ღირსეულად გავართმევ თავს იმ ნდობას და პასუხისმგებლობას, რომელიც გუნდმა დამაკისრა. სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით. ასევე, დიდი სურვილით, რომ მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, არის დარგის პროფესიონალი, გული შესტკივა და უყვარს ეს სფერო. ძალიან დიდი მადლობა და იმედი მაქვს, გავამართლებ იმ ნდობას, რომელიც მე პრემიერმა და გუნდმა გამომიცხადა“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

მაია ბითაძეს ამ დრომდე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანდატი ჰქონდა. 

49 წლის მაია ბითაძე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია.

2011-2017 წლებში საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის და მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2017-20 წლებში იყო თბილისი მერის კალაძის მოადგილე. პოლიტიკურ წრეებში მას სწორედ კალაძის კადრად მოიაზრებენ.

კულტურის მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თიკა რუხაძემ მინისტრის თანამდებობა სოციალური ქსელით გამოქვეყნებული განცხადებით 28 ივლისს დატოვა.

ამჟამად საქართველოს კულტურის მინისტრის მოვალეობას პროფესიით ეკონომისტი მიხეილ კიკნაძე ასრულებს. 2025 წლამდე მას მას სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.