რუსული პროპაგანდისტული მედიები კობახიძეს ციტირებენ
რუსული, პროპაგანდისტული მედიები (RIA, TASS) ირაკლი კობახიძის მიერ "რუსოფობიის" წინააღმდეგ დაანონსებულ ბრძოლას აქტიურად აშუქებენ.
რუსული სამთავრობო მედიები წერენ, რომ კობახიძე პირობას დებს, რომ "საქართველოში რუსოფობიას ჩანასახშივე მოსპობს":
- "საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აპირებს აღკვეთოს ანტირუსული განწყობები, რომლებსაც რადიკალური ოპოზიცია ნერგავს".
- "კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსოფობია ქართველებისთვის დამახასიათებელი არ არის და მოსკოვის მიმართ პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელების შესახებ განაცხადა".
კობახიძის განცხადების რუსულ მედიაში გამოხმაურებას პრობლემურად არ მიიჩნევენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები. ლევან მახაშვილი ირწმუნება, რომ ხელისუფლება ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის თუ ქსენოფობიის გაღვივებას სრული პასუხისმგებლობით ეკიდება.
სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ხელისუფლება ნებისმიერ ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის თუ ქსენოფობიის გაღვივებას საქართველოში. ამიტომ თუ ეს არის მიზეზი რატომაც ვიღაცამ აიტაცა მისი განცხადებები, კი, ბატონო, ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენს მოქალაქეებზე, იმაზე, რომ ამ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა. შეიძლება რუსები მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, სხვა ერი მოგწონდეს-არ მოგწონდეს, ეს არის აბსოლუტურად მეათე ხარისხოვანი, - ამბობს ლევან მახაშვილი.
ნინო წილოსანი კი ამბობს, რომ რუსოფობია საქართველოში „გარედან დაგეგმილი კამპანიის“ ნაწილია.
ქართველები ისტორიულად ყველაზე ტოლერანტი ერი ვართ, ამიტომ ვერანაირი გარედან დაგეგმილი უცხო ძალების ძალიან კარგად კონსტურირებული ეს კამპანია რუსოფობიასთან დაკავშირებით, ვერ მოიკიდებს ფეხს. რუსოფობია არის უზომოდ საზიანო და არავისთვის კარგი არ არის, როდესაც რაიმე სახის ქსენოფობიას ავითარებ ერში, - ამბობს ნინო წილოსანი.