პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიაზე საპქრიარქოში პირველი კომენტარი გაკეთდა

16.09.26 09:06
პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიაზე საპქრიარქოში პირველი კომენტარი გაკეთდა

პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეხმაურება.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნავს, რომ კულტურის იმჟამინდელ მინისტრთან ხშირი კომუნიკაცია ჰქონდათ და მისგანვე იცოდნენ, რომ სხვადასხვა მომსახურებაში  ორგანიზაციებმა, თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე.

"პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე. განსაკუთრებით იმ პერიოდში, ქალბატონ თიკა რუხაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და მისგანვე ვიცოდით, რომ სხვადასხვა მომსახურებაში  ორგანიზაციებმა, თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე. ეს საჯაროდ დაადასტურა პრემიერმა და იმედია დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ცილისწამებისთვის“ -  წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ეთერში გამართული დებატებისას თქვა, რომ დეტალურად გამოიკვლევს ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს. 

"ქართული ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ პირველადი მონაცემებით, ფულის "გაწევა" არ დასტურდება. 

„თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული და აქედან თითქოს მოიპარეს ფული. პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა. ეს არის პირველადი ინფორმაცია. კიდევ უფრო მეტად ჩავყვები და დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით წარვუდგენთ საზოგადოებას“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებიდან კულტურის სამინისტრომ 722 642 ლარი დახარჯა, თუმცა უცნობია, რომელ კომპანიებთან გაფორმდა ხელშეკრულებები - განცხადებას ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს.

ცნობილია, რომ  საქართველოს 141-ე პატრიარქის დაკრძალვის ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული იყო კულტურის სამინისტრო, [მოცემულ პერიოდში უწყებას თიკა რუხაძე ხელმძღვანელობდა]. რუხაძე პოსტიდან 28 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით გადადგა. განცხადებაში ეწერა, რომ მიზეზი „ჯანმრთელობა" იყო. 

პატრიარქის დაკრძალვის დღეს გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით კითხვები "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერმა" მიმდინარე წლის 13 სექტემბერს დასვა.

ერთი კვირის წინ, კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ კიკნაძემ არ უპასუხა კითხვას, რატომ არ პასუხობს მისი უწყება კორუფციის მკვლევარებს, 3 და 27 აგვისტოს გაგზავნილ არცერთ წერილზე. [ამ წერილებით ბესიკ დონაძემ სამინისტროდან სამივლინებო და პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები გამოითხოვა].

ამ კომენტარამდე 5 დღით ადრე, "ტვ პირველის" ახალი ამბების მიერ ჩაწერილ კომენტარში, თიკა რუხაძის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებდა, რომ რა დარღვევებიც უწყებაში აღმოაჩინეს, აუდიტის დასკვნაში ჩაწერეს.