„რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა?“ - გიორგი გველესიანის პოლიტიკური გზავნილები „ოცნების“ სტილში
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა და ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეთა ნაწილი „მარგინალურ ჯგუფებად“ და „კოლექტიურ მოღალატეებად“ მოიხსენია. „ჯეო თიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გველესიანი აცხადებს, რომ მასშტაბური საპროტესტო აქციების პერიოდში ფეხბურთელებზე ზეწოლა ხორციელდებოდა და, მისი თქმით, ნაკრების წევრების პროევროპული განცხადებების გაკეთებაც ამ გარემოებას უკავშირდებოდა.
კითხვაზე, უნდა გაიმიჯნოს თუ არა სპორტი და პოლიტიკა, გველესიანი ამბობს, რომ - არა და აცხადებს, რომ „ქართულ პოლიტიკურ ველს კოლექტიური მოღალატეები“ უნდა ჩამოშორდნენ. ინტერვიუში ყოფილმა ფეხბურთელმა ასევე განმარტა, რატომ მიიღო მონაწილეობა „ქართული ოცნების“ 2024 წლის საარჩევნო კლიპში.
პოლიტიკა და ფეხბურთი, ზოგადად სპორტი, ერთმანეთზე გადაჯაჭვულია, იმიტომ, რომ ფეხბურთი და სპორტი თამაშობს ძალიან მნიშნელოვან როლს გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ახლა, როცა ომების პერიოდია და იმპერიულად ჩვენ ახლა ამას დღეს ვუყურებთ ჩვენს რეგიონში რა ხდება - მუდმივი დაძაბულობა და დანის პირზე სიარული. და მე როცა ვხედავ, რომ ეგზისტენციალური საფრთხეა და ჩვენი ქვეყანა დგას ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, ვფიქრობ, რომ ჩემი ვალი იყო იმ კლიპში მონაწილეობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ყველაფერში ვეთანხმები იმ პარტიას. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გარკვეული წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ სოციალურ ქსელებში დაედოთ მხარდამჭერი პოსტები და განცხადებები დაედოთ. პრაქტიკულად, უმრავლესობამ დაწერა, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში და ეს არის აქსიომა და ხელშეუვალი მანტრაა. მე დავსვი აქ შეკითხვა, რომ არ ვარ, ბატონებო, ამის წინააღმდეგი, მაგრამ ვიცით ჩვენ ეს რას მოუტანს ჩვენს ეკონომიკას, გააზრებული გვაქვს ეს რას მოუტანს ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობას? კითხვა დაისვა, რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა? ჯერ კიდევ მაშინ ვსაუბრობდი, თუ რა მოაქვს ფობიებს, ქსენოფობიებს და რუსოფობიებს და ზოგადად, სხვადასხვა ფობიებს არაფერი კარგი, რაც ახლა აქტუალურია ჩვენს პოლიტიკაში, და მაშინდელი ეს ძალები მე თავს დამესხნენ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ, მე რამე მატკინონ. იმ კონკრეტულ მომენტში, საქართველო, ჩემი აზრით, იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ და იდგა არჩევანი ერთ პარტიასა და ჩემი აზრით, კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის, - თქვა გველესიანმა ინტერვიუში.