სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო.
ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს.
უწყების განმარტებით, მონიტორინგი ა(ა)იპ “კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის” მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე დაიწყო.
„საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და მათ შორის "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში“.- განაცხადეს აუდიტის სამსახურში.
მონიტორინგის დაწყებას წინ ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის განცხადებები უსწრებდა.
პარლამენტის თავმჯომარე ამტკიცებს, რომ "ტვინებს ურეცხავენ" იმ სკოლაში, რომლის საუკეთესო კურსდამთავრებულებს შორის თავადაც არის.