ვიზიტი აშშ-ში - კობახიძისა და ტრამპის შეხვედრა დაგეგმილი არ არის

21.09.26 14:56
ვიზიტი აშშ-ში - კობახიძისა და ტრამპის შეხვედრა დაგეგმილი არ არის

ირაკლი კობახიძისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა დაგეგმილი არ არის - ინფორმაციას მმართველი პარტიის სპიკერები ადასტურებენ. 

"ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ნიუ-იორკში მყოფ მათ ლიდერს სხვა ტიპის შეხვედრები აქვს ჩანიშნული. 

კობახიძესთან ერთად შტატებში  გაეროს 81-ე სესიისთვის ჩასულია მაკა ბოჭორიშვილიც. ცნობილია, რომ გენერალური ასამბლეის სესიის გენერალურ დებატებზე "ოცნების" ლიდერი სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა. 

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი - ამ დრომდე უცნობია, შეძლებს თუ არა კობახიძე იმ საზეიმო ვახშამზე დასწრებას, რომელსაც თეთრი სახლი როგორც წესი ამ ღონისძიების ფარგლებში მართავს ხოლმე. 

ეს გახლავთ ვიზიტი გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად, რაც არ წარმოადგენს ორმხრივ ვიზიტს. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციაში ვიზიტი. ალბათ გინახავთ, რომ ჟენევაშიც ეწყობა ხოლმე ვიზიტები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე შვეიცარიის ხელისუფლებას ხვდება. ასე რომ ეს გახლავთ ვიზიტი საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლის მიზანია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა და გაეროს ინსტიტუციებთან შეხვედრები. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ის ურთიერთობები, რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დაანგრია, როდესაც რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო პარტნიორი მოიძულა და შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა თავის ყველაზე მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან", - განაცხადა პაპუაშვილმა.

რამდენიმე საათის წინ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობის შესახებ ისაუბრა მაკა ბოჭორიშვილმაც, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია ვის შეხვდება ირაკლი კობახიძე:

„გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, შედგება არაერთი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელეგაციის წევრებს, მათ შორის პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს სხვადასხვა დონეზე გვექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ. გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე. ასევე, შესაძლებლობა გვექნება, გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეს არის საუკეთესო ადგილი, შესაძლებლობა, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები და ჩვენს დელეგაციასაც შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა საკითხზე გამართოს შეხვედრა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ირაკლი კობახიძის პრესსამსახურის ცნობით, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი ასევე მონაწილეობას მიიღებს „მრავალმხრივი პარტნიორობის“ სამიტში და ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც მშვიდობის თემაზე იმართება. 

ოფიციალური განცხადების თანახმად, ასევე დაგეგმილია ირაკლი კობახიძის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან. 

მსგავსი სიახლეები