"საკონსტიტუციო სასამართლოს ოკუპაცია დასრულებულია“ - გვარამია

23.09.26 13:07
"საკონსტიტუციო სასამართლოს ოკუპაცია დასრულებულია“ - გვარამია

კოალიცია "ცვლილებისთის ლიდერი, ნიკა გვარამიას შეფასებით, სერგო მეთოფიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნით „საკონსტიტუციო სასამართლოს ოკუპაცია დასრულებულია“ და დღეიდან სასამართლოს ცხრავე მოსამართლე ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ინტერესებს წარმოადგენს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას პარტიების გაუქმების შესახებ მიმდინარე საკონსტიტუციო დავასაც უკავშირებს.

“საკონსტიტუციო სასამართლოს ოკუპაცია დასრულებულია. უზენაესმა სასამართლომ დღეს ბოლო ვაკანსია შეავსო და მოსამართლედ კლანის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ზონდერი, სერგო მეთოფიშვილი დანიშნა. დამიჯერეთ, ამაზე უარესის პოვნა იმ კლანშიც კი გაგიჭირდებათ

დღეიდან, ცხრიდან ცხრავე მოსამართლე ზონდერია. განსხვავებული აზრიც კი აღარ დაიწერება. პარტიების გაუქმების სარჩელს რატომ ამატეს „ქოცებმა“ თითო-თითო პარტია, ახლა მაინც ხომ ცხადია? - იმ მომენტამდე ჭიმეს განხილვის ვადები, სანამ განსხვავებული აზრის დამწერიც კი აღარ იქნებოდა შემადგენლობაში და ამ 1000%-იანი ანტიკონსტიტუციური აბსურდის დაკმაყოფილებისას ზონდერი მოსამართლეებისთვის ოდნავი დისკომფორტის შემქმნელი გარემოებაც კი გამოირიცხებოდა. როგორც ჩანს, „ქოცებისთვის“ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება მაინც სხვაა”, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

გოგა კიკილაშვილის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე მოსამართლის პოზიციას სერგო მეთოფიშვილი დაიკავებს. მეთოფიშვილი ამჟამად სააპელაციო სასამართლოშია. საზოგადოებას მან თავი დაამახსოვრა ფაქტით, როდესაც ვეტინგის (მოსამართლეების კეთილსინდისიერებაზე შემოწმების) წინააღმდეგ გამოვიდა. მან ასევე უარი თქვა დეკლარაციის შემოწმებაზეც.