მამამ შვილს დაუთმო ადგილი - ყოფილი მოსამართლე საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესებს "ნეპოტიზმის აშკარა მაგალითად" აფასებს
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, თამარ ლალიაშვილის შეფასებით, სასამართლო სისტემაში „ახალი სახეები აღარ არსებობს“ და საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საკადრო ცვლილებები, მისი აზრით, კლანური მმართველობისა და ნეპოტიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა.
ლალიაშვილი გოგა კიკილაშვილისა და სერგო მეთოფიშვილის დანიშვნებს მურუსიძე-ჩინჩალაძის ე.წ. კლანთან აკავშირებს და ამბობს, რომ მოსამართლეთა შერჩევისას პროფესიული დამოუკიდებლობის ნაცვლად სისტემისადმი ერთგულება გადამწყვეტ როლს ასრულებს.
ახალი სახეები აღარ არსებობს. უფრო მეტსაც ვიტყვი, რომ თუკი ვინმე იყო შერჩენილი და მათ ვადა ამოეწურათ ისე, როგორც ჩემი პატივისცემა გიორგი კვერენჩხილაძეს, მის ადგილასაც ხდება ისეთი მოსამართლეების გამწესება, რომლებსაც, ფაქტებით რო ავიღოთ, უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არიან სწორედ ამ ჩაკეტილი სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. როდესაც კიკილაშვილი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, ზუსტად მეორე დღეს შვილი გახდა იუსტიციის საბჭოს წევრი. ამ გარიგების შემდეგ კიდევ ფაქტები გვესაუბრებიან ამაზე. ისინი ერთგულები არიან, რა თქმა უნდა, მურუსიძე-ჩინჩალაძის, ამ კლანური მმართველობის. მამამ შვილს დაუთმო ადგილი. ამაზე მეტი ნეპოტიზმი, კლანური მმართველობა, ძალიან მარტივად დასანახი და შესამჩნევია, რაც ხდება სასამართლო სისტემაში.
რაც შეეხება მამისეიშვილს, მე ძალიან კარგად მახსოვს, მოსამართლეთა ერთ-ერთ კონფერენციაზე, როდესაც მურუსიძე ძლიერდებოდა უკვე "ოცნების" ,ხარდაჭერით, როცა ის მართლა მჯიღს იკრავდა მკერდზე და ამბობდა, რომ "მე ვარ მურუსიძე, მე არ მაინტერეებს კანონი, მე მაინტერესებს მურუსიძე, იმიტომ, რომ მურუსიძე არის ჩემი მფარველი და მურუსიძის მეშვეობით მე შევინარჩუნებ ჩემს თანამდებობას", - ამბობს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი.
ამ ფონზე, "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ კიკილაშვილი თავისი საქმის პროფესიონალია, ხოლო ბრალდებებს ინსტიტუციაზე თავდასხმად აფასებს.
შეგახსენებთ, რომ გოგა კიკილაშვილის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე მოსამართლის პოზიციას სერგო მეთოფიშვილი დაიკავებს. მეთოფიშვილი ამჟამად სააპელაციო სასამართლოშია. საზოგადოებას მან თავი დაამახსოვრა ფაქტით, როდესაც ვეტინგის (მოსამართლეების კეთილსინდისიერებაზე შემოწმების) წინააღმდეგ გამოვიდა. მან ასევე უარი თქვა დეკლარაციის შემოწმებაზეც.