ბუტიკაშვილი: EU-მინისტრების შეხვედრაზე მთავარი კითხვა იქნება, რა შედეგები უნდა მოჰყვეს იმას, რომ ,,ოცნებამ" კურსი არ შეცვალა
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი ვარაუდობს, რომ 12 ოქტომბერს ლუქსემბურგში ჩანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სადაც საქართველოზეც იმსჯელებენ, მთავარი კითხვა იქნება ,,რამდენად გაუარესდა ვითარება საქართველოში".
მთავარი კითხვა იქნება: „რა შედეგები უნდა მოჰყვეს იმას, რომ ,,ქართულმა ოცნებამ,, ევროკავშირის მოთხოვნების მიუხედავად კურსი არ შეცვალა". - წერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში პოლიტიკოსი.
ბუტიკაშვილის თქმით, შესაძლოა მსჯელობა გაგრძელდეს იმაზე, რა დამატებითი ინსტრუმენტები შეიძლება გამოიყენოს ევროკავშირმა, თუ "ოცნება" არსებულ კურსს არ შეცვლის
რას უნდა ველოდოთ?
ჩემი აზრით, ამ შეხვედრას ცალკე მოვლენად არ უნდა შევხედოთ. ის იმ პროცესის გაგრძელებაა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში თანდათან მკაცრდება.
➡️ 2024 წელს ევროკავშირის შეფასება იყო, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი „დე ფაქტო შეჩერებულია,,.
➡️ 2025 წლის გაფართოების ანგარიშში შეფასება კიდევ უფრო დამძიმდა. ევროკომისიამ საქართველო „კანდიდატ ქვეყნად მხოლოდ სახელით,, მოიხსენია.
წელს კი ევროკავშირის პოზიციაში შემობრუნების ნიშნები არ ჩანს. პირიქით, კაია კალასმა აპრილში პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოში „გაუმჯობესების ნიშნები არ არის,,. მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაში ახალი შემზღუდავი კანონმდებლობა უკვე შეფასდა როგორც დემოკრატიული და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის „სისტემური მცდელობა".
ამიტომ 12 ოქტომბრის შეხვედრის მთავარი კითხვა, ჩემი აზრით, არ იქნება მხოლოდ ,,რამდენად გაუარესდა ვითარება საქართველოში?,, ეს შეფასება ბრიუსელში პრაქტიკულად უკვე ჩამოყალიბებულია.
მთავარი კითხვა იქნება: „რა შედეგები უნდა მოჰყვეს იმას, რომ ,,ქართულმა ოცნებამ,, ევროკავშირის მოთხოვნების მიუხედავად კურსი არ შეცვალა? ანუ აგრძელებს ავტოკრატიულ მმართველლბას და ხალხის ნების უგულვებელყოფას.
ევროკავშირს მოთხოვნებიც უკვე საკმაოდ კონკრეტულად აქვს ჩამოყალიბებული: პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების გათავისუფლება; რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება; დემოკრატიული რეფორმების განხორციელება და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული რიტორიკის შეწყვეტა.
შესაბამისად, 12 ოქტომბერს შესაძლოა მსჯელობა გაგრძელდეს იმაზე, რა დამატებითი პოლიტიკური და პრაქტიკული ინსტრუმენტები შეიძლება გამოიყენოს ევროკავშირმა, თუ არსებული კურსი არ იცვლება. და ფაქტია, რომ ივანიშვილის რეჟიმი არ ცვლის კურსს და კიდევ უფრო მეტად მიიწევს რუსული სივრცისკენ, თან ისე, რომ კრემლის ქებასაც იმასახურებს. ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ ევროკავშირში შეიცვლება თავად საქართველოს საკითხის ჩარჩო.
აქვე, 12 ოქტომბრის განხილვა წინ უსწრებს ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშს, რომელიც 16-17 ოქტომბერს გამოქვეყნდება.
ჩვენთვის ანგარიშის ტრაექტორია აქამდე ასეთი იყო:
2024 - გაწევრიანების პროცესი „დე ფაქტო შეჩერებულია,,
2025 - საქართველო „კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ ფურცელზე,,
2026 - ❓️
კანდიდატის სტატუსის ფორმალურ გაუქმებას ამ ეტაპზე ავტომატურად არ უნდა ველოდოთ. გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება, გადავა თუ არა ევროკომისია კიდევ უფრო სისტემურ შეფასებაზე, რომ პრობლემა მხოლოდ რამდენიმე კანონი ან ცალკეული პოლიტიკური გადაწყვეტილება კი არ არის, არამედ დაგროვილი ცვლილებები უკვე წინააღმდეგობაში მოდის იმ დემოკრატიულ და ინსტიტუციურ საფუძვლებთან, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას მოეთხოვება.
ამიტომ 12 ოქტომბერს ყველაზე საყურადღებო იქნება რამდენიმე კონკრეტული ტერმინი:
conditions, consequences, further measures.
თუ შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის განცხადებებში აქცენტი სწორედ ამ მიმართულებით იმოძრავებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელი ვითარების შეფასებიდან თანდათან შედეგებისა და პირობების პოლიტიკაზე გადავა, რაც მარტივად კანდიდატის სტატუსის გაყინვას და დიალოგის ფორმატების საბოლოო შეჩერებას ნიშნავს. თუმცა ევროკავშირი ყოველთვის ითვალისწინებს ქართველი ხალხის უწყვეტ ძალისხმევას და ბრძოლას თავისუფლებისთვის, ამიტომ ნაკლებ სავარაოდოა უვიზო მიმოსვლის შეჩერება ამ ანგარიშის დღის წესრიგში დადგეს", - წერს გიორგი ბუტიკაშვილი.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოზე იმსჯელებენ - ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (COREPER) დღეს, 12 ოქტომბერს ლუქსემბურგში გასამართი საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.
დღის წესრიგით, საბჭოზე განიხილავენ:
- რუსეთის აგრესიული ომს უკრაინის წინააღმდეგ და ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართული მზარდი ჰიბრიდული კამპანიას;
- ახლო აღმოსავლეთს; გაფართოებულ ევროკავშირის გავლენას უსაფრთხოებაზე, ხოლო მიმდინარე საკითხების ფარგლებში საქართველოზე იმსჯელებენ.
ასევე, გაიმართება არაფორმალური დისკუსია უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლისა და სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე.