კობახიძემ გაეროს ტრიბუნიდან ოკუპაციის კონტექსტში რუსეთი ახსენა
ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას რუსეთი ოკუპაციის კონტექსტში ახსენა და განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ასობით ათასი მოქალაქე კი კვლავ იძულებით გადაადგილებულია და საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს.
მისი თქმით, მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს და სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეძლონ ოკუპირებულ ისტორიულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც.
ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ რეგიონული ინიციატივების ფარგლებში თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ, როგორც კეთილსინდისიერმა შუამავალმა, თანამშრომლობის განმტკიცების და მშვიდობიანი გადაწყვეტების მოძიებაში წვლილის შეტანის გზით.
დღეს ჩვენ რეალურ შესაძლებლობას ვხედავთ, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ჩვენს საერთო მისწრაფებას ეხმიანება - შევქმნათ უკეთესი მომავალი.
საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს.
პროგრესი, რომლის მიღწევაც საკუთარ ქვეყანაში გვინდა, წარმოუდგენელია სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების გარეშე.
საქართველო კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, რომ ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რომლებიც მზად არიან ჩვენთან სამუშაოდ, ურთიერთპატივისცემის და სუვერენული თანასწორობის საფუძველზე.
გვჯერა, რომ ხანგრძლივი პარტნიორობა მხოლოდ დიალოგით მიიღწევა და ეს შედეგი არასოდეს არ დადგება ზეწოლის ან იძულების გზით.
საქართველო მზად არის იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციულად ითანამშრომლოს და ამ პროცესში აქტიური წვლილი შეიტანოს, - განცხადა კობახიძემ.