სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს: ბიძინა, საყვარელო, ეს რა გაკადრა "პიკასოს ბიჭმა"?
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" დამფუძნებელს მიმართავს - როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცადა: "ბიძინა, ბიძინა, საყვარელო, ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გაკადრეს ტალახში თრევა ყველას დასანახად? ეს არის შენი “პიკასოს ბიჭი?” - ან როგორ გიბედავს ეს ლაწირაკი ღარიბაშვილი ხელებზე კბენას, იმ ხელებზე, რომლითაც აჭმევდი?".
მანამდე სააკაშვილმა მოსახლეობას მიმართა:
არ ვიცი, კიდევ როდის მომეცემა შესაძლებლობა, პირდაპირ მოგმართოთ. მინდა თვალებში ჩაგხედოთ პირდაპირ და შეგახსენოთ, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქვეყნის ნდობამ მოიმატა, გაქრა კრიმინალი და კორუფცია. ეს ყველაფერი ისე მოვაშორეთ, რომ ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა გავხდით და ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა დანიის შემდეგ. ახლა მინდა შეგახსენოთ ის, რის გაკეთებასაც ჩემგან არ მოელოდით დ ის, რისი გაკეთებაც ერთად შევძელით - ჩაბნელებული ქვეყანა გავანათეთ, პენსია გავზარდეთ, აჭარა და ჯავახეთი საქართველოს კონტროლზე დავაბრუნეთ, პრაქტიკულად წავართვით რუსეთს. ახალი ქვეყანა ავაშენეთ. რაის მსოფლიო პირველი რეფორმატორები, რაის მსოფლიო “დემოკრატიის შუქურა”, რაის ევროკავშირისკენ სწრაფი ტემპით სვლა? - ამაზე ერთ თქვენგანს მაინც შეეძლო “ოცნება”? მე ეს გავაკეთე. ახლა ვინმეს თუ გახსოვთ, მეიდანზე მოცეკვავე აშშ-ს პრეზიდენტი, მეორე პრეზიდენტი პარლამენტში გამოვიდა, მესამე მომავალი პრეზიდენტი თბილისსა და ბათუმში ფართო ნაბიჯებით დადიოდა და ხოტბას ასხამდა საქართველოს. საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი - ასე თქვა მაშინ სარკოზიმ. რამე წაგართვით? პირიქით, შემოგწირეთ მთელი ჩემი კეთილდღეობა პირადი, ოჯახური, ყველანაირი ცხოვრება, უკრაინის წარმატებული კარიერა, სიცოცხლე დავდე სასწორზე. მეტი რა შეიძლება გაიღოს ცალკე აღებულმა ადამიანმა? - ჰოდა, ამ ყველაფრის შემდეგ, ამის დედა ვატირე, [ვარ] ამ გისოსებს მიღმა! მე კი ვიცი, ვისი ჩასმული ვარ, ეს კაცი მთელ ევროპას და მსოფლიოს ატერორებს, მაგრამ ეს ყველაფერი ქართველი პროკურორების და მოსამართლეების, ბადრაგების, ყველა დანარჩენის ხელით კეთდება. მინდა თქვენ თავს მაინც გამოუტყდეთ, რომ რამხელა კატასტროფაა საქართველოს შემქმნელი, აღმშენებელი და გადამრჩენელი სამარტოო საკანში გყავდეთ და ვითომ სასამართლოში კარგავდეს ყველაზე პროდუქტიულ დროს.
აქ რომ არ ვიყო, ხომ გაცხოვრებდით ბევრად უკეთესად, უკვე ხომ ვიქნებოდით ევროკავშირის წევრი, ხომ არაფრით ვიქნებოდით სინგაპურზე ნაკლები? ხომ ვიქნებოდით ევროკავშირის წევრები, ხომ გვექნებოდა ლაზიკა? მე კიდევ ერთს გთხოვთ, რომ მიმსახურეთ, რამე კარგი გამაკეთებინეთ თქვენთვის და წინ წავიყვანოთ ქვეყანა!
დიდება თქვენ ქართველებო და დიდება საქართველოს!
რიგითო „ქოცებო“, ჩემკენ „ნაბიჯით იარ“. ნუ გეშინიათ, არ ვიკბინები, არაფერს დაგიშავებთ, მაგრამ მინდა დაფიქრდეთ „ქოცებო“, თქვენი „ოცნება“ ისაა, რომ სააკაშვილს ციხეში ამოხდეს სული და თავის შვილებს ვერ შეხვდეს? მინდა ქვეყნის წარმატებაზე ტელევიზიიდან,კობახიძის მონოლოგიდან კი არ იგებდეთ, არამედ საკუთარი თვალებით ისმენდეთ და ყურებით ხედავდეთ. ხომ გინდათ, რომ ერთი ადამიანის ხუშტურებზე არ იყოთ წამოკიდებული და თქვენს მთავარსარდალს რუსები არ ასამართლებდნენ? ახლა მინდა, ერთი საიდუმლო გითხრათ “ქოცებო”, ჯიგრებო, ზუსტად ეგ გვინდა ჩვენ ყველას! თქვენგან ჩვენ სინამდვილეში ერთი რამ გვინდა - ნუ დააჭმევინებთ ერთმანეთს არქიფოს. მომავალს გვართმევს ჩვენც და თქვენც.
ხოდა, დაარტყით ხელი “ქოცებო!”
ბიძინა, ბიძინა, საყვარელო, ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? ეს როგორ გაკადრეს ტალახში თრევა ყველას დასანახად? ეს არის შენი “პიკასოს ბიჭი?” ვითომ უცხო ენები იცისო? ან ის “პირდაუბანელი” ქალი ჟურნალისტი, არ არის ღირსი, რომ ბაჩიაშვილივით მოიტაცო, ჩამოიყვანო? არ არის ღირსი, რომ მიუგზავნო ნინო ნადირაძე თვალების დასათხრელად?
ან როგორ ხდება კობახიძის დასაცავად მთელი შენი “ტროლების ქარხანა” აგუგუნებულია და შენს დასაცავად ხმას არ იღებენ? როგორ გიბედავს ეს ლაწირაკი ღარიბაშვილი ხელებზე კბენას, იმ ხელებზე, რომლითაც აჭმევდი? ეს უბეში გაზრდილი ძაღლი, ფინია, არ არის ასევე მისაყვანი და დასაძინებელი?
ჩემ გვერდზე, ქვემოთ ის ლილუაშვილი როგორ გიბედავს? ამბობს, ბიძინას არანაირ ფულს არ მივცემო, მაინც გაქრება საქართველოდანო! მთელი ციხე მაგას ლაპარაკობს…
ბიძინა, არ დამზარდე, ვატო ყიფიანი, “კაწრო” და ფეიქრიშვილები მომიკითხე. ესენი ჩემ დროსაც ისხდნენ ციხეში ქურდობისთვის, ყაჩაღობისთვის. ახლა შენ დაიჭირე იმიტომ, რომ შენი შვილის მეგობრები არიან. არ ვერევი მე შენ ოჯახურ ცხოვრებაში, თუმცა შენ უხეშად ჩაერიე ჩემს ოჯახში, როცა ჩემ შვილებს ჩამომაშორე პუტინთან ერთად, მაგრამ არ სჯობდა თავის დროზე იმაზე გეზრუნა, რომ შენ შვილს ასეთი მეგობრები არ ჰყოლოდა?!
შენ მოხვედი ასე - 29 ათას “გაუპატიურებულს” მიუძღოდი წინ, შუბის ნაცვლად რომ ცოცხი გეჭირა ხელში.
თუ შენ გარემოცვას და შენს ოჯახს ვერ აკონტროლებ “ჯიგარ”, თუ ქუჩას ვერ აკონტროლებ და მსოფლიოს მასშტაბით თავი მოგეჭრა, ჩვენგან, ქართველებისგან რა გინდა? გაგვეშვი და მიხედე ოჯახს”, - განაცხადა სააკაშვილმა.