„ჩვენი კრიტიკა მათ თავდასხმებზე პასუხია“ - პაპუაშვილი ევროკავშირს საქართველოზე თავდასხმებში ადანაშაულებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება უცხო სახელმწიფოებს თავს არ ესხმის და მისგან გამოთქმული კრიტიკა მხოლოდ საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ „თავდასხმებზე“ პასუხია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, ხელისუფლება ნებისმიერი სახელმწიფოს მიმართ კრიტიკის უფლებას იტოვებს, როდესაც, მისი შეფასებით, საქმე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეხება.
ჩვენ არავის ვესხმით თავს, მშვიდობა გვაქვს შენარჩუნებული. მეორე - ჩვენი კრიტიკა ყოველთვის არის პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ხოლმე. ჩვენ და ქართველი ხალხი ვიტოვებთ უფლებას, რომ ვიყოთ კრიტიკული ნებისმიერი სახელმწიფოს მიმართ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამის უფლებას ჩვენ ვერავინ ჩამოგვართმევს. ასე რომ, ვინმეს თუ უნდა საქართველოს და ქართველი ხალხის გაჩუმება იმისთვის, რომ კომფორტულ კაფსულაში იყოს და კრიტიკისგან დაცული იყოს, ამისთვის არის ერთადერთი გზა, რომ თავს არ დაესხას ქართველ ხალხს, - ამბობს პაპუაშვილი.