33 წელი სოხუმის დაცემიდან - მოქალაქეები დილიდან გმირთა მემორიალთან მიდიან
დღეს სოხუმის დაცემიდან 33 წელი შესრულდა. დილიდან გმირთა მემორიალთან მოქალაქეები მიდიან, ყვავილებს მიაქვთ და აფხაზეთის ომში დაღუპულებს იხსენებენ.
ომში დაღუპულის დედა ვარ. ბავშვი იყო, ჯერ კიდევ მე-11 კლასის მოსწავლე, 16 წლის და გამექცა ომში. ისეთი ახალგაზრდობა დაიღუპა, ისეთი მომავალი თაობა, არ ვიცი, ამას როგორ აანაზღაურებს საქართველო. ძალიან ძნელია ამის გადატანა. გმირობაზე წარადგინეს, მიენიჭა ქუჩას სახელი, მაგრამ არც ქუჩა მინდა..., - ამბობს გმირის დედა.
მემორიალთან მთავრობის წევრებიც მივიდნენ, რის გამოც ტერიტორიაზე წითელი ლენტები გააბეს. მოქალაქეებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სივრცე წელსაც ერთმანეთისგან არის გამოყოფილი.
მანამდე კი მემორიალთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც მივიდნენ.
33 წელი გავიდა იმის შემდგომ, რაც მოხდა სოხუმის ოკუპაცია, სოხუმის დაცემა, თუმცა არ დაცემულა საქართველო, აგრძელებს ბრძოლას და აუცილებლად ჩვენ დავბრუნდებით სოხუმში, დავბრუნდებით ცხინვალში და ამისთვის საჭიროა ძლიერი ქართული სახელმწიფო, ძლიერი პარტნიორებით, ძლიერი ბუნებრივი მოკავშირეებით და არა ოზლირებული ან სანქცირებული...მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვძარცვავდეთ ჯარს, არამედ ვაძლიერებდეთ, - თქვა ირაკლი ფავლენიშვილმა.