„ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს“ - კობახიძე აშშ-თან ურთიერთობაზე
ირაკლი კობახიძე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და სახელმწიფო მდივანთან ხანმოკლე საუბარს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მათთან საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის სურვილზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, შეხვედრები გაეროს ფარგლებში გამართულ მიღებაზე შედგა და არა აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფორმატში.
კობახიძე ამტკიცებს, რომ თბილისმა ურთიერთობების აღსადგენად საკუთარი ნაბიჯი უკვე გადადგა და ახლა „შემხვედრ ნაბიჯებს“ ვაშინგტონისგან ელოდება.
ვიზიტი იყო არა აშშ-ში, არამედ გაეროში, თუმცა, ამ ვიზიტის ფარგლებში მე მქონდა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გასაუბრების შესაძლებლობა, სადაც მოკლედ აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ეს არსებითად დამოკიდებულია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ეს იყო ჩემი გზავნილი ხანმოკლე გასაუბრების დროს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან.
ხანმოკლე საუბარი მქონდა როგორც ამერიკის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან, მიღების ფარგლებში და ხაზი გავუსვი ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობას. ჩვენი მხრიდან გამოთქმული იქნა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის სურვილი, ძალიან დადებითი განწყობა იყო, დადებითად ჩაიარა ამ ხანმოკლე გასაუბრებამ", - განაცხადა პრემიერმა.