საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

12.11.26 16:26
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

ცოტა ხნის წინ, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე - "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ თქვა, რომ "ოცნებას" ძირითადად პროურუსული განწყობის ამომრჩეველი ჰყავს.

ამ განცხადებამ "ოცნების" წევრების გაღიზიანება გამოიწვია, რასაც სხდომაზე კამათი მოჰყვა.

გიორგი სიორიძე: თავის დროზე, "ხალხის ძალა" როგორც შეიქმნა, რასაც "ოცნება" პირდაპირ ვერ ამბობდა, უფრო აგჭრილად იტყვის "ხალხის ძალაო".  "ოცნებას" თავის ელექტორატში ძირითადად ჰყავდა უფრო მეტად პრორუსული მსოფლმხედველობის ამომრჩეველი. 

რეპლიკა "ოცნებისგან" და მოსამართლეთაგან: ეს შეურაცხმყოფელია... 

გიორგი სიორიძე: რატომ, პროურუსული განწყობა რომ არსებობდეს ამომრჩეველში არ შეიძლება? ჯერ ერთი რომ არსებობს, ეს ფაქტია. 

გიორგი კახიანი: ეს პოლიტიკური შეფასებაა...

გიორგი სიორიძე: როგორ პოლიტიკური შეფასება? 

ლევან სამუშია: ბატონ გვარამიას იმის გამო მიეცით გაფრთხილება, რომ ერთი უნებართვოდ წამოდექით და სასამართლოს გარეშე დაიწყეთ საუბარიო. 

მოსამართლე რევაზ ნადარაია: ბატონო ლევან მეკამათებით?

ლევან სამუშია: მე რომ ვფიქრობდე, რომ აქ ასეთი მკვეთრი დარღვევებია, მე აცილებას დავაყენებდი ...

მოსამართლე რევაზ ნადარაია: არამკვეთრი დარღვევებია?

ირაკლი ჭეიშვილის პასუხი გიორგი სიორიძეს: "ქართულ ოცნებას" ჰყავს პროქართული ამომრჩეველი და სწორედ ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენს შორის, რომ თქვენ გარეთ იყურებით. 

გიორგი სიორიძე: პროტესტი მაქვს, მე რატომ მესაუბრება და არა სასამართლოს?

მანამდე სიტყვით ანი წითლიძე გამოდიოდა - ენმ-ს ლიდერი პასუხობდა მოსამართლე ვასილ როინიშვილის მიერ ყალბ და ნამდვილ ოპოზიციაზე დასმულ კითხვას.  

მოსამართლე ვასილ როინიშვილი: თქვენ აღნიშნეთ, რომ ყალბი და რეალური ოპოზიცია, ამაზე იყო საუბარი. მაგ კუთხით კი არ მინდა, მე უბრალოდ მაინტერესებს კრიტერიუმი, როგორ ზომავთ თქვენ, რა შეიძლება იყოს მაგალითად, ესკალაციის ხარისხი. რაც უფრო რადიკალურია ოპოზიცია, მით უფრო ნამდვილი ოპოზიციაა?

ანი წითლიძე: ჩვენ ამის მაგალითები ძალიან კარგად გვაქვს რუსეთში და ბელორუსში. ეს სჭირდება ხელისუფლებას მაშინ, როცა უნდა რომ მოჩვენებითი დემოკრატიის ცნება შექმნას ქვეყანაში. საქართველოს მაგალითზე რომ გითხრათ, "ხალხის ძალა" -სოზარ სუბარის პარტია და არა მხოლოდ სუბარი, მთელი ამ 14 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში როგორც ფორმალური და სისტემური ოპოზიცია შეკრა, მათ შორის პარლამენტში "ქართულმა ოცნებამ". ყველა ინიციატივა, მათ შორის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით და არა მხოლოდ, სწორედ მას გააჟღერებინა. ეს ადამიანები "ოცნების" სიით არიან გასულები...  

მოსამართლე ვასილ როინიშვილი: ახლა თქვენ კონკრეტიკაზე რომ გადადიხართ, ეგრე შეიძლება ვიღაცამ თქვენც გითხრათ, ეგრე ნაციონალური მოძრაობა "მოქალაქეთა კავშირის"... შედგებოდაო. 

ანი წითლიძე: არასწორია, მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიცია იყო.