„ძლიერი საქართველო“: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ძლიერი სახელმწიფო და ევროპულ გზაზე დაბრუნებაა საჭირო
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენისთვის ქვეყანას ძლიერი ეკონომიკა, ევროპული მომავალი, საერთაშორისო მხარდაჭერა და ძლიერი ჯარი სჭირდება. ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებმა ენგურის ხიდზე გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
ირაკლი კუპრაძის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სრული ანექსიის საფრთხეს ზრდის, ხოლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელია ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენა. მისი თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, ევროპული კურსის დაბრუნებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ის საკითხი, რომელშიც თითოეული ქართველი ერთიანია. ყველა, ვინც თავს საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევს, არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ფაქტს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა.
ჩვენ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ ეს პროცესი ვერ შედგება ძლიერი სახელმწიფოს გარეშე, სახელმწიფოს გარეშე, რომელსაც აქვს ევროპული მომავალი, ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი საერთაშორისო პოზიციები და ძლიერი ჯარი, რომელიც მშვიდობის დაცვის მთავარი გარანტიაა. სწორედ ამიტომ გვჭირდება ევროკავშირის ძლიერი ოჯახის წევრობა, საქართველომ უნდა დაიბრუნოს ევროპული გზა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ქვეყნის შემდგომი საერთაშორისო იზოლაცია, რადგან იზოლირებული და დასუსტებული საქართველო პირდაპირ ზრდის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სრული ანექსიის საფრთხეს.
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია რუსეთმა. რუსული საოკუპაციო ჯარი დგას ქართულ მიწაზე და ყველა მეთოდით ცდილობს, ხელი შეუშალოს ერთიანი, ძლიერი საქართველოს არსებობას. მაგრამ ჩვენი ქვეყნის ისტორიას ახსოვს არაერთი დამარცხებული იმპერია და დარწმუნებულები ვართ, რომ სულ მალე რუსული ოკუპაცია დასრულდება და ჩვენ აღვადგენთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვჭირდება ნდობის აღდგენა ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ ურთიერთობებში, რისთვისაც გვჭირდება ძლიერი, კეთილდღეობით სავსე საქართველო ძლიერი ეკონომიკით და ძლიერი ინფრასტრუქტურით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტით.
ანაკლია მხოლოდ ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ეკონომიკური კრიბჭე არ არის. ის უნდა გახდეს ძლიერი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და ქვაკუთხედი ქართულ-აფხაზური ნდობის აღდგენისა და ერთიანი საქართველოს განვითარების გზაზე. ძლიერი ეკონომიკა, მოქალაქეების კეთილდღეობა არის აღდგენილი ურთიერთობის საფუძველი. აფხაზეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა ნათლად უნდა დაინახონ ის რეალური სარგებელი, შესაძლებლობები და უსაფრთხოება, რომელსაც ერთიან, ევროპულ და განვითარებულ საქართველოში ცხოვრება მოუტანს მათ და მომავალ თაობებს. ძლიერი ეკონომიკსა და ევროინტეგრაციის სადარაჯოზე აუცილებლად უნდა იდგეს ქართული ძლიერი ჯარი, რომელსაც არ ძარცვავენ, არ ასუსტებენ და რომლის მთავარი დანიშნულება ქვეყნისა და მშვიდობის დაცვაა. ქართული არმია არის მშვიდობის რეალური გარანტია და სწორედ რეალური სახელმწიფოს შექმნით, ევროპული კურსის დაბრუნებით, ეკონომიკური განვითარებით, საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებითა და თავდაცვისუნარიაონობის დაცვით შევქმნით იმ პირობებს, რომელშიც ეს შესაძლებელი გახდება ჩვენი დევნიულების ღირსეული დაბრუნება საკუთარ სახლებში.
დევნილების დაბრუნება არ არის მხოლოდ წარსულის ვალის დაბრუნება. ეს არის საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი და მიზანი. ჩვენ გვჯერა, რომ აფხაზეთისა დაცხინვალის რეგიონის მშვიდობიანი დაბრუნება შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა ძლიერი საქართველო ძლიერი ეკონომიკით, ძლიერი ჯარით, ევროპული მომავლით და საერთაშორისო საზოგადოებაში თავისი ღირსეული ადგილით.
სოხუმის დროებითი დაცემის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს რა დავკარგეთ და ჩვენი პასუხისმგებლობაა, შევქმნათ ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რომელიც შეძლებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით.
დიდება გმირებს! დიდება ერთიან და ძლიერი საქართველოს, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
დღეს სოხუმის დაცემიდან 33 წელი შესრულდა. დილიდან ხალხი გმირთა მემორიალთან მიდის და ყვავილებით ამკობს.