„ოცნება“ ლევილში მრავალრიცხოვანი დელეგაციის ჩასვლას წინაპრებისადმი პატივისცემით ხსნის
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები ლევილის მამულში მრავალრიცხოვანი დელეგაციის ჩასვლას წინაპრებისა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის ემიგრაციაში მყოფი მთავრობის მემკვიდრეობისადმი პატივისცემით ხსნიან. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვიზიტის მიზანი სწორედ ისტორიისა და წინაპრებისადმი „სათანადო პატივისცემის“ გამოხატვა იყო.
რაც შეეხება სამთავრობო შემადგენლობას, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი იყო, რომ სათანადო პატივისცემა გამოგვეხატა, მათ შორის ჩვენი წარმომადგენლობით, ჩვენი ისტორიის და წინაპრების მიმართ და სწორედ ამას ემსახურებოდა ის ვიზიტი, რომელიც განხორციელდა ლევილის მამულში, - ამბობს კობახიძე.
ამავე მიზეზს ასახელებს შალვა პაპუაშვილიც. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ლევილის მამულის რეაბილიტაცია წარმატებული აღმოჩნდა.
იცით, რომ მე ბრიუსელში და ლუქსემბურგში ვიმყოფებოდი და ჩვენი დელეგაციით შევუერთდი და ასევე იყო საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც იმყოფებოდა იქ. რა თქმა უნდა, სათანადო პატივის მიგება სჭირდება ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც შემოგვინახეს ჩვენ დამოუკიდებლობის იდეა. სასწაულად და ძალიან კარგი შედეგებია რეაბილიტაციის, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
პაატა სალია აცხადებს, რომ ლევილის მამულში მისი ჩასვლა მისივე წინაპრების ღვაწლის გამო გადაწყვიტა.
ყველას რაღაც გვაკავშირებს ლევილთან, მათ შორის, მეც, ჩემს წინაპრებს ძალიან ბევრი რამე აქვთ გაკეთებული ემიგრაციის პერიოდში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ დღეს იქ ყოფნა. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია, მე რაც დავათვალიერე. იქ მე უკმაყოფილო ვერავინ ვნახე, - ამბობს პაატა სალია.
კახა ჟორჟოლიანი კი ამტკიცებს, რომ ხარჯები, რომელიც "ოცნების" წარმომადუეგნელბისთვის საფრანგეთში ჩასასვლელად დაიხარჯა, სტანდარტული იყო.
ვფიქრობ, საჭირო იყო, რომ ყოფილიყო წარმომადგენლობითი დელეგაცია, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის პატარა საქართველო საფრანგეთში, პარიზთან ახლოს. დანარჩენი, თუ ხარჯები გაინტერესებთ, სტანდარტული ხარჯები იყო, - ამბობს კახა ჟორჟოლიანი.
"ქართული ოცნება" ამბობს, რომ საქართველოდან დევნილობის დროს საფრანგეთში ჩასული ეროვნული მთავრობის მიერ დაარსებული ლევილის მამულის რეაბილიტაცია დასრულდა.
- ლევილის მამული, რომელიც 45 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, საქართველოს 2016 წელს გადაეცა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების აღსანიშნავად, ლევილში ჩავიდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილმა კულტურის მინისტრი მაია ბითაძე და სხვა.
კადრებში, რომელიც მთავრობის ადმინსიტრაციამ გაავრცელა, ჩანან "ქართული ოცნების" დეპუტატი პარლამენტიდან.