„აფხაზეთიდან რუსთაველამდე“ - თბილისში დისკუსია იმართება
დისკუსია სახელწოდებით „აფხაზეთიდან რუსთაველამდე“ თბილისში საათზე მეტია მიმდინარეობს. სოხუმის დაცემისა და დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა.
დღევანდელი ღონისძიების ავტორი "მოძრაობა პროტესტშია." შეხვედრას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, ხელოვანები და პატიმრობაში მყოფი პირების მშობლები ესწრებიან. დისკუსიის მონაწილეები საუბრობენ რუსეთის ოკუპაციაზე, ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რომლებიც, მათი შეფასებით, საქართველოს ევროპულ მომავალს ემუქრება.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სოხუმის დაცემის დღე განსაკუთრებით მძიმეა როგორც მისთვის პირადად, ისე ასიათასობით დევნილისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის. გვარამიას თქმით, ახლა მთავარი ქვეყნის მომავალზე ფოკუსირებაა, აფხაზეთის დაბრუნების გზებზე მსჯელობას კი, მისი შეფასებით, ხელისუფლების შეცვლის გარეშე აზრი არ აქვს.
დღეს მძიმე დღეა, არა მხოლოდ ჩემთვის პერსონალურად, ჩემთვის, რა თქმა უნდა, მაგრამ ნახევარი მილიონი დევნილისთვისაც და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ქართველისთვის. მაგრამ მთავარი ქვეყნისთვის მთავარი არის მისი მომავალი. მომავლისთვის საჭიროა, რომ ვიყოთ გონიერი, ემოციურად გაწონასწორებული და თანმიმდევრულები. რეჟიმი თუ არ გავუშვით, აზრი არ აქვს კამათს იმაზე, როგორ ჯობია აფხაზეთის დაბრუნება, - ამბობს ნიკა გვარამია.
საზოგადოება, რომელიც დისკუსიას ესწრება, საღამოს საპროტესტო აქციას შეუერთდება. ხალხი თსუ-ს 1 კორპუსთან 19:00 საათზე იკრიბება და მსვლელობით გმირთა მოედანზე მივლენ.