"პირველების" ინფორმაციით, "ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებები იგეგმება

28.09.26 13:17
"პირველების" ინფორმაციით, "ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებები იგეგმება

„ქართულ ოცნებაში“ ახალი საკადრო ცვლილებები იგეგმება. „პირველების“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს აცნობეს, რომ ხელისუფლებაში მორიგი გადაადგილებებია მოსალოდნელი.

არსებული ინფორმაციით, საუბარია სულ მცირე ორ მინისტრზე. ამ ეტაპზე უცნობია, იგეგმება მათი თანამდებობიდან გათავისუფლება თუ ცვლილებები ხელისუფლების შიგნით პოზიციების გადანაწილებას შეეხება.

"პირველები" დაინტერესდა, რა კონკრეტული ცვლილებებია მოსალოდნელი - არსებული მინისტრების გადაადგილება მოხდება თუ პარტიას ახალი სახეები შეუერთდებიან, თუმცა "ოცნებაში" ცვლილებებს უარყოფენ.

ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ ცვლილებები, რომელიც დაგეგმილი იყო, უკვე განხორციელდა. მისი თქმით, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან იმართება. 

ჩემი ინფორმაციით, რა ცვლილებებიც მოხდა, ეს იყო ის ცვლილებები, რომელიც იყო გათვალისწინებული, ხოლო ახალი ცვლილებები არ არის დაგეგმილი. მინისტრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებს პრემიერ-მინისტრი და ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, კონსულტაციები ხდება ბიძინა ივანიშვილთან, - ამბობს მაჭავარიანი. 

ბეჟან წაქაძე კი ამბობს, რომ თუკი ცვლილებები იგეგმება, ეს მხოლოდ ქვეყნის სასიკეთოდ კეთდება.  

ჯერჯერობით არაფერი იცვლება. ცვლილებები მიმდინარეობს სიკეთისთვის, რომ მომავალშ გაცილებით უკეთესად იმუშაოს... ეს არის მიზანი. არაა პრობლემა, - ამბობს ბეჟან წაქაძე.