ირანის ელჩი ქეთევან წამებულზე საკუთარი კვლევის გამოქვეყნებას აანონსებს
საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი ქეთევან წამებულის შესახებ მის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგების გამოქვეყნებას აანონსებს. დიპლომატის განცხადებით, კვლევა შეეხება როგორც ქეთევან დედოფალს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.
ელჩმა ამის შესახებ მას შემდეგ დაწერა, რაც თბილისში ირანის საელჩოს ფასადი ქეთევან დედოფლის გამოსახულებით განათდა.
ამ საღამოს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის ულამაზესი და წმინდა გამოსახულებით განათდა.
ჩემთვის ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება; ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს.
მალე ამ გვერდის მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.
წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე.
შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს", - წერს ირანის ელჩი.
ქეთევან დედოფალი 1624 წელს, ირანის ქალაქ შირაზში, შაჰ-აბას I-ის ბრძანებით წამებით მოკლეს. მისი სიკვდილით დასჯას შირაზში მყოფი კათოლიკე მისიონერები შეესწრნენ, რომლებმაც მოგვიანებით დედოფლის ნეშტის ნაწილები გადაარჩინეს. წმინდა ნაწილების ნაწილი საქართველოში, ნაწილი ინდოეთსა და ევროპაში აღმოჩნდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქეთევან დედოფალს წმინდანად მიიჩნევს.