ვინ დაწერა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ სარჩელი - რას ამბობენ "ოცნებაში"
„ქართული ოცნების“ დეპუტატები არ ადასტურებენ „გახარიას გუნდის“ განცხადებას, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელი ლაშა ნაცვლიშვილმა დაწერა. ეკა სეფაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტი „მაღალკვალიფიციური იურისტების“ მომზადებულია, თუმცა კონკრეტულ ავტორებს ვერ ასახელებს.
კონკრეტულად ვინ დაწერა, ეს გაინტერესებთ? "ქართულმა ოცნებამ" შეიტანა. არ მგონია, რომ ლაშა ნაცვლიშვილს დაეწერა. მაღალკვალიფიციური იურისტების დაწერილი იქნება ეს სარჩელი და კონკრეტული სახელები და გვარები მე არ ვიცი, - ამბობს ეკა სეფაშვილი.
ლაშა ნაცვლიშვილის ვინაობას ვერ იხსენებს ალუდა ღუდუშაური.
ვინ არის ლაშა ნაცვლიშვილი? სიზმარში ნახეს რამე?, - ამბობს ღუდუშაური.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით კი, სარჩელის ავტორი „ქართული ოცნების“ ფრაქციაა.
ეს შეიტანა "ქართული ოცნების" ფრაქციამ, ამიტომ ავტორი გახლავთ "ოცნების" ფრაქცია. მერე ჰკითხეთ სოფიო ხორგუანს, იჯდა იქ? სანთელი ეჭირა წერის დროს თუ მელანში აწობდა კალმისტარს? მე რას მეკითხებით?, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
დღეს გახაირას ფუნდმა პარლამენტში თქვა, რომ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი "ოცნების" ცნობილმა პროპაგანდისტმა ლაშა ნაცვლიშვილმა შეადგინა და ისე, რომ არც კი წაუკითხვათ, ხელი დეპუტატებმა მოაწერეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მონაცემებით, 24 სექტემბერს შეტანილ სარჩელს 88 დეპუტატი აწერს ხელს.