ირანის ელჩს "ოცნების" დეპუტატები პასუხობენ
"კეთილი ინებოს ელჩმა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს თავისი ფუნქციის აღსრულება“ - ასე ეხმაურება ირანის ელჩის განცხადებას „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი. მისი თქმით, ალი მოჯანის მიერ ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებები ელჩისა და საელჩოს საქმიანობის ფარგლებს სცდება.
ჩვენ არავის შერჩევით არ ვუდგებით, ყველას ვუდგებით ობიექტურად. და ყველასთან დაკავშირებით მათი ქმედების ადეკვატური პასუხი გვექნება. ამ შემთხვევაშიც, ირანის ელჩთან დაკავშირებით გეტყვით ჩემს პოზიციას და მოგახსენებთ, რომ კეთილი უნდა ინებოს ელჩმა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს თავისი ფუნქციის აღსრულება და ის წიაღსვლები, რომელიც მას გააჩნია, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად არარელევანტურია და არ შედის არც ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში და მითუმეტეს, არც ელჩის და საელჩოს საქმიანობაში, - ამბობს ქადაგიშვილი.
"ოცნება" ირანის ელჩის განცხადებაზე საგარეოს რეგირებას ელოდება. ამის შესახებ დღეს ალუდა ღუდუშაურმა ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ისტორიის შეცვლა ან სხვაგვარად წარმოჩენა მიუღებელია და დარწმუნებულია, რომ უწყება საკითხს გამოეხმაურება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მეორე დღეა არ გამოხმაურებია საქართველოში ირანის ელჩის განცხადებას. ალი მოჯანიმ ირანის საელჩოს ფასადზე ქეთევან წამებულის გამოსახულება გაანათა და დაწერა, რომ დედოფლის შესახებ არსებული ისტორიული წყაროების კვლევის შედეგებს მალე გამოაქვეყნებს.
ქეთევან დედოფალი 1624 წელს ირანში, შაჰ-აბას I-ის ბრძანებით წამებით მოკლეს. ირანის ელჩის განცხადებით კი, მის მიერ მომზადებული შეფასება მომავალში დამატებითი წყაროებისა და ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე „კრიტიკულად უნდა გადაიხედოს ან შესწორდეს“.