სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში - ცნობილია, რა ჩაწერა “ოცნებამ” განახლებულ დოკუმენტში
ცნობილია რა ჩაწერა “ქართულმა ოცნებამ” „გახარია საქართველოსთვის“ ასაკრძალად საკონსტიტუციო სარჩელში
- ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის განახლებული სარჩელი უკვე წარადგინა.
"ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ ხელმოწერილ საკონსტიტუციო სარჩელში წერია, რომ ასაკრძალი პოლიტიკური პარტიები იზიარებენ საერთო მიზნებს და „გამოხატავენ თანხმობას, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით განახორციელონ არაკონსტიტუციური ქმედებები, მათ შორის, მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაცია და ხალხის ნებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული უარყოფა“.
რაც შეეხება გახარიას პარტიის აკრძალვის საფუძველს, ექსპრემიერის პარტიის აკრძალვა სალომე ზურაბიშვილის შუამავლობით შექმნილი სხვადასხვა პლატფორმებში, მათ შორის „ქართულ ქარტიასა“ და საკოორდინაციო პლატფორმაში მონაწილეობის გამო სურთ.
"ოცნება" აღნიშნული პარტიის აკრძალვის მოთხოვნის მიზეზად ასევე ასახელებს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული ჩხოროწყუს, წალენჯიხის, რუსთავის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პოლიტიკური პარტიების, „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „კოალიციური ერთობის შექმნის შემთხვევებსაც.
სარჩელში ბიძინა ივანიშვილის გუნდი ირწმუნება, რომ გახარიამ 2021 წლის თებერვალში ხელი შეუწყო ნიკა მელიას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების „მცდელობას, განეხორციელებინათ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის პირდაპირ, საჯაროდ და დეკლარირებულად ხელყოფა საქართველოში“.
სარჩელში საუბარია 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების გამოძიებაზეც.
მათუვე თქმით, გიორგი გახარია, ბრალდებულის რანგში „თავს არიდებს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას და, ამდენად, ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო შესაბამისი ფაქტისგან გამიჯვნისგან დღემდე თავს იკავებენ პოლიტიკური პარტიის სხვა წარმომადგენლები“.
აღსანიშნავია, რომ გახარიას პარტია პარლამენტშიც შევიდა და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა.
საკონსტიტუციო სარჩელში „ოცნება“ წერს:
„მიუხედავად იმისა, აღნიშნული პოლიტიკური პარტიებიდან ერთ-ერთმა, კერძოდ, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ მოგვიანებით პარლამენტის წევრის მანდატების გამოყენება გადაწყვიტა, მან ამის შემდეგაც განაგრძო საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების შედეგების უარყოფა და პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმა. მას ეს პოზიცია დღემდე არ შეუცვლია. მეტიც, პოლიტიკურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ მის მიერ პარლამენტის წევრის მანდატების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს ხელისუფლების რევოლუციით შეცვლისა და დამხობის 2025 წლის 4 ოქტომბრის მცდელობის წარუმატებლობა დაასახელა“.
კიდევ ერთი მიზეზი, რასაც „ოცნება“ გახარიას პარტიის აკრძალვის საფუძვლად ასახელებს, 2019 წელს სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსებაა, ფაქტს მმართველი ძალა „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანებისკენ მიმართულ ქმედებად“მიიჩნევს.