ჟურნალისტური გამოძიება: პუტინის თანაგუნდელების ბიზნესი საქართველოში
პუტინის თანაგუნდელის და მეხოტბის, ოჯახის ბიზნეს-ინტერესები და ქონება საქართველოში - "შაბათის ეთერმა" მიაკვლია დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, "ერთიანი რუსეთის" რეგიონული ლიდერს და ვოლგოგრადის ვიცე მერს ანა კუვიჩკოს და მის ოჯახს საერთო ბიზნეს-ინტერესები აქვთ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებთან: ალექსანდრე ივანიშვილთან და უჩა მამაცაშვილთან.
რა ხდება?
ირკვევა, რომ რუსი დეპუტატის ოჯახი საკურორტო ზონებში მშენებლობის ბიზნესით არიან დაკავებული. პუტინის მეხოტბე ქალის ქმარი, როლანდ ხერიანოვი ცოლის მსგავსად, პუტინის კარზე, მაღალი თანამდებობები ეკავა, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორიცაა. [უჩა მამაცაშვილის "გეო ორგანიკი" და ხარიანოვი ერთად ფლობენ კომპანია "გეო-მედს" მოსკოვში]
კომპანია "გეო ორგანიკსის" მფლობელებს შორის ვხედავთ, პუტინისტი ქალის დედამთილსაც - ოლგა ხერიანოვას. ამ შემთხვევაში, დოკუმენტებს შორის პარტნიორებს შორის კი ბიძინა ივანიშვილის ძმის ცოლის, ქეთევან ხარაიძის სახელსა და გვარს ვაწყდებით.
ოლგა ხერიანოვა ფაქტობრივად აღიარებს, რომ ის რაც ახლა საქართველოში მისი სახელით კეთდება, რეალურად პუტინისტი ცოლ-ქმრის ბიზნესია, რომლებიც თავის მხრივ, დადასტურებულად არიან პარტნიორულ ურთიერთობებში, ივანიშვილის ოჯახთან და უახლოეს გარემოცვასთან.
ვოლგოგრადის ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების ოჯახის წევრის სახელზე საქართველოში სულ 3 შპს არის გაფორმებული. კომპანია ,,ტრამპლინის’’ საკუთრებაა სამსართულიანი სასტუმრო, რომელიც კოხტის ძირში, სათხილამურო ტრასის გვერდით ახლახან აშენდა.
პუტინის გულმხურვალე მხარდამჭერების ოჯახი მხოლოდ ზამთრის კურორტებით არ დაინტერესებულა. 6 სართულიან და 90 ნომრიან სასტუმროს აშენებს, ოლგა ხერიანოვას სახელზე გაფორმებული კიდევ ერთი კომპანია შავი ზღვისპირეთში. ,,სობრანიეს’’ საკუთრებაა სასტუმრო, რომელიც შეკვეთილში, ზღვის პირველ ზოლში, ბლექ სი არენასა და დენდროლოგიური პარკის სიახლოვეს ჩადგეს.
რაც შეეხება ,,გეო ორგანიკსს’’ აქ პუტინის მადიდებლები წილს, უჩა მამაცაშვილის შვილთან, ტატე მამაცაშვილთან ერთად ფლობდნენ. ეს ის პერიოდია, როცა ანა კუვიჩკო, რუსეთის დუმის დეპუტატი იყო.
ამავე პერიოდს უკავშირდება, ხერიანოვებისა და ბიძინა ივანიშვილის ძმის ბიზნეს პარტნიორობაც. 2019-21 წლებში ფლობდა ოლგა ხერიანოვა ბრიტანეთში არსებული ,,გეო ორგანიკსის’’ 24,5%-ს. ამავე კომპანიის 30 % კი 2022 წლამდე ალექსანდრე ივანიშვილს ეკუთვნოდა. ეს წილი ახლა ივანიშვილის მეუღლის, ქეთევან ხარაიძის საკუთრებაა.
რუსული ღია წყაროების თანახმად, როლანდ ხერიანოვი 2016 წლიდან სააფთიაქო ქსელ 36.6-ის მმართველი საბჭოს წევრი იყო. ,,36.6’’-ის მფლობელი ,,ერკაფარმი’’ კი 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილის კომპანია ,,უნიკორის’’ ნაწილი იყო.