„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ პუშკარევის მკვლელობის შემდეგ რუსეთში ექსტრადიციების შეჩერებას ითხოვს
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული 43 წლის დმიტრი პუშკარევის მკვლელობას ეხმაურება და ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციაში პირთა ექსტრადირების დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის შეფასებით, არსებული პრაქტიკის გაგრძელება, სათანადო ინდივიდუალური რისკების შეფასებისა და ეფექტიანი მონიტორინგის გარეშე, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის სერიოზულ საფრთხეს ქმნის.
ორგანიზაციის განცხადებით, პუშკარევი საქართველომ რუსეთს სექტემბერში გადასცა. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ 24 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუშკარევთან ერთად საქართველოდან კორნეი ფედუნოვის ექსტრადიციაც განხორციელდა. მათ რუსეთში დანაშაულებრივი გაერთიანების შექმნა/მონაწილეობა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულები ედებოდათ ბრალად.
რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის არსებული პრაქტიკის გაგრძელება, მით უფრო, სათანადო საჯარო დასაბუთების, განსაკუთრებით მკაცრი ინდივიდუალური რისკის შეფასებისა და რეალურად მოქმედი დამოუკიდებელი მონიტორინგის გარანტიების გარეშე, ქმნის საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლითა და გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-3 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის სერიოზულ რისკს“, - აცხადებს ორგანიზაცია.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, 2017–2022 წლებში რუსეთმა საქართველოს საკუთარი მოქალაქეების ექსტრადირების მოთხოვნით 33-ჯერ მიმართა, საიდანაც 29 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ორგანიზაცია ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, გაასაჯაროოს 2022 წლის 16 მარტის შემდეგ რუსეთისგან მიღებული საექსტრადიციო მოთხოვნებისა და განხორციელებული ექსტრადიციების სტატისტიკა და განმარტოს, რა სამართლებრივი საფუძვლით შეიცვალა რუსეთში პატიმრების გადაცემასთან დაკავშირებით მანამდე არსებული მიდგომა.
პუშკარევის შემთხვევაში რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის ოფიციალური ვერსიაა, რომ მან ვლადიკავკავი–ადლერის მატარებელში ბადრაგის თანამშრომლის იარაღი ჩაიგდო ხელში, ერთი თანამშრომელი მოკლა და სამი დაჭრა, რის შემდეგაც თავადაც მოკლეს.