„პირველებმა“ EPP-ის რეზოლუციის პროექტი მოიპოვა - ევროპარლამენტში ივანიშვილისა და „ოცნების“ ლიდერების სანქცირებას ითხოვენ

06.10.26 11:59
„პირველებმა“ EPP-ის რეზოლუციის პროექტი მოიპოვა - ევროპარლამენტში ივანიშვილისა და „ოცნების“ ლიდერების სანქცირებას ითხოვენ

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ საგანგებო დებატებისთვის ემზადებიან. ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანო „ქართული ოცნების“ იმ ინიციატივას შეაფასებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აკრძალვას ითვალისწინებს. 

საკითხზე ევროპარლამენტი რეზოლუციის მიღებასაც გეგმავს. „პირველების“ ინფორმაციით, დოკუმენტის პროექტში ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას, მოითხოვს საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას და კვლავ მოუწოდებს ევროკავშირს მიზნობრივი სანქციებისკენ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ.

მკაცრად გმობს საქართველოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და ითხოვს კონსტიტუციური სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას. ხაზს უსვამს, რომ ქმედითი პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის შეუვალ ბურჯს წარმოადგენს და სასამართლო გზით ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება შეუთავსებელია დემოკრატიასთან.

წუხილს გამოთქვამს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების მუდმივ ნაკლებობაზე. კიდევ ერთხელ მოუწოდებს მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკურ დევნაზე, უპირველეს ყოვლისა, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ, - ნათქვამია  EPP-ის დოკუმენტში. 

ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებს ოპოზიციაშიც ეხმაურებიან. კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი თენგო თევზაძე ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა საერთაშორისო პარტნიორებისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენციის სრულად განადგურებას ცდილობს. 

ის, რომ "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და შემდეგ ყოველ 9 თვეში ამატებს პოლიტიკურ პარტიებს, ეს გახდა კომიკური, მაგრამ თვითონ სიმპტომი ის, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ფაქტობრივად აკრძალოს მთელი ოპოზიცია, რომელსაც მათივე სედეგებით 45%-ზე მეტი აქვს საბოლოო ჯამში საყოველთაო არჩევნებით, ეს ნიშნავს იმას, რომ მთელ სმოფლიოში და მათ შორის ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის ცხადია, რომ "ქართული ოცნება" არადემოკრატიული ძალაა და ქვეყანაში ცდილობს კონკურენციის ბოლომდე განადგურებას. ამაზე დებატები ეს არის პოლიტიკური აქტი, - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი თენგო თევზაძე. 

"ძლიერი საქართველოს" ლიდერის, გრიგოლ გეგელიას თქმით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი უკიდურესი ზომაა, ხოლო საქართველოში მსგავსი საკითხის დღის წესრიგში დაყენება ქვეყნის რუსულ და ბელარუსულ მოდელთან დაახლოებაზე მიუთითებს. 

პარტიების აკრძალვა არის ის ექსტრემალური ზომა, რომელსაც იღებენ დიქტატორები. ეს, საარჩევნო ავტოკრატიაშიც კი დაუშვებელი და წარმოუდგენელი რამ არის და ის, რომ საქართველოში განიხილება მსგავსი საკითხი, რა თქმა უნდა, მიუთითებს მთელი მსოფლიოსთვის იმაზე, რომ საქართველო დგას ყოველდღიურად, სულ უფრო მეტად ბელარუსის და რუსეთის გზაზე, - ამბობს გრიგოლ გეგელია.  

მსგავსი სიახლეები