შსს წერს, რომ 34 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 553 კილოგრამი ნარკოტიკი გაანადგურეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული 553 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, მათი საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 34 მილიონ ლარზე მეტია.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალურ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მაღალტემპერატურულ ღუმელში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს, მათ შორის: „მეთადონი“, „მდმა“, „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“, „კლეფედრონი“, „ტრამადოლი“ და „კოდეინი“. ასევე განადგურდა ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესი გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. პროცესში, მუდმივმოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, გენერალური პროკურატურისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ"- წერს შსს.