"ტყუილებით გაჯერებული" - „ოცნებაში“ ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციას აკრიტიკებენ

06.10.26 17:29
"ტყუილებით გაჯერებული" - „ოცნებაში“ ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციას აკრიტიკებენ

 

 

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დაგეგმილ საგანგებო დებატებსა და რეზოლუციის პროექტს, რომელშიც ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვაა გაკრიტიკებული და „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ სანქციების მოწოდებაც ფიგურირებს, მმართველ გუნდში კვლავ კრიტიკით პასუხობენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატები დოკუმენტს წინასწარ „ტყუილებით გაჯერებულად“ აფასებენ და აცხადებენ, რომ მას საქართველოსთვის ფასი არ ექნება. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტის წინა რეზოლუციებსაც აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ ახალი დოკუმენტიც „საქართველოს სუვერენიტეტზე თავდასხმა“ იქნება.

მე ვთვლი, რომ გამოცდილებას უნდა დავეყრდნოთ, როდესაც საკითხის შეფასებას ვახდენთ. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ევროპარლამენტის უკლებლივ ყველა რეზოლუცია ბოლო ხანებში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული, იმ ფურცლის ფასადაც არ ღირს, რომელზეც ეს რეზოლუცია დაიბეჭდა. ზუსტად ასეთი მოლოდინი გვაქვს ახალი რეზოლუციის მიმართ. ეს იქნება კიდევ ერთი თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე იმ ხალხის მხრიდან, რომელთა უკანაც დგას ძალა, რომელსაც სურს, რომ საქართველო გამოყენებული იყოს პროქსი სახელმწიფოს, - ამბობს გორდულაძე. 

კიდევ უფრო მწვავე შეფასებები აქვს დავით მათიკაშვილს - „ქართული ოცნების“ დეპუტატი ევროპარლამენტის შესაძლო რეზოლუციას „ტყუილით გაჯერებულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი ნაბიჯები ქართულ საზოგადოებაში ევროპული ინსტიტუტების მიმართ სკეპტიციზმს გააღრმავებს. 

ტყუილები, თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით, პირველი იქნება ჩვენთან და საქართველოსთან, ასევე კონკრეტულ თანამდებობის პირების მიმართებით? ტყუილით გაჯერებული შინაარსი, რომელიც აქვს ამ კობკრეტულ ბრალდებებს, ასევე იმ რეზოლუციებს, სადაც ისევ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის მითითებული, რაიმე ფასი შეიძლება მას საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ჰქონდეს? ჩვენი, ზოგადად, ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა და აი, ამ უმსგავსობით და ცილისწამებით, რასაც ევროპარლამენტი და ცალკეული ევრობიუროკრატები ჩვენს მიმართ ამ გზაზე დგანან და აკეთებენ, ერთადერთი, რასაც მიაღწევენ, არის ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში კიდევ უფრო გაღრმავდება სკეპტიციზმი, რაც ნამდვილად არ არის კარგი, - ამბობს მათიკაშვილი.  

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ საგანგებო დებატებისთვის ემზადებიან. ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანო „ქართული ოცნების“ იმ ინიციატივას შეაფასებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აკრძალვას ითვალისწინებს. 

საკითხზე ევროპარლამენტი რეზოლუციის მიღებასაც გეგმავს. „პირველების“ ინფორმაციით, დოკუმენტის პროექტში ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას, მოითხოვს საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას და კვლავ მოუწოდებს ევროკავშირს მიზნობრივი სანქციებისკენ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ.

 

მსგავსი სიახლეები