კობახიძე საქართველოს ფოსტაში კორუფციის ნიშნებზე საუბრობს და გამოძიების დაწყებას აანონსებს
ირაკლი კობახიძე საქართველოს ფოსტაში კორუფციის ნიშნებზე საუბრობს და გამოძიების დაწყებას აანონსებს.
პრემიერმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ იყო შუამავალი კომპანიებში გატანილი მთელი რიგი სერვისები - "ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენ".
კობახიძის თქმით, წლევანდელი წელი იქნება პირველი, როდესაც „საქართველოს ფოსტა“ მოგებაზე გავა და დასძინა, რომ ეს საკადრო ცვლილელების შედეგია.
„საქართველოს ფოსტაში“ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. გასული წლების განმავლობაში ყოველ წელს „საქართველოს ფოსტა“ გადიოდა წაგებაზე. წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი. 2,5 მლნ ლარი დაიზოგა მხოლოდ შტატების ოპტიმიზაციის შედეგად. 1,1 მლნ ლარი დაიზოგა წამგებიანი სერვის-ცენტრების ოპტიმიზაციის შედეგად. ასევე, იყო შუამავალ კომპანიებში გატანილი მთელი რიგი სერვისები. ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენ.
ეს სერვისები დაბრუნდა „საქართველოს ფოსტაში“ და ამის შედეგად, „საქართველოს ფოსტას“ ექნება ყოველწლიურად დამატებით 14,2 მლნ ლარის შემოსავალი. ასევე, აღდგა საჰაერო ტერმინალის ფუნქცია. ფოსტა დამატებით ამის შედეგად მიიღებს 1 მლნ 300 ათასი ლარის შემოსავალს. ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გაფორმდა საერთაშორისო კომპანიებთან. მათ შორის, „თურქეთის ავიახაზებთან“, ხუთ ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ამის შედეგად, 4,4 მლნ ლარით გაიზრდება „საქართველოს ფოსტის“ შემოსავლები. ეს წელი იქნება პირველი წელი, როდესაც, „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე და მომდევნო წლები იქნება კიდევ უფრო მეტად მომგებიანი, როდესაც ყველა ეს პროცესი დასრულდება. შარშან „საქართველოს ფოსტამ“ წელი დაასრულა 7 მლნ ლარის ზარალით. წელს გვექნება მოგება და ასე გაგრძელდება პროცესები მომდევნო წლების განმავლობაშიც“, - განაცხადა კობახიძემ.