კობახიძემ ციხის კადრებში ძალადობა ვერ დაინახა - პრემიერის პირველი კომენტარი

07.10.26 16:59
კობახიძემ ციხის კადრებში ძალადობა ვერ დაინახა - პრემიერის პირველი კომენტარი

ირაკლი კობახიძემ ციხის კადრებში ძალადობა ვერ დაინახა. "ეს ყველაფერი იყო პროპორციული" - უთხრა დღეს მედიას მთავრობის მეთაურმა. "ოცნების" ლიდერს პატიმრის მიერ გაუპატიურების შესახებ გავრცელებული ბრალდების არ სჯერა.  

კობახიძე ირწმუნება, რომ ციხეებში ხელოვნურ სპეკულაციებს ჰქონდა ადგილი.

მთავრობის მეთაურის მტკიცებით, ციხეებში ვითარება სრულად კონტროლდება და სიმშვიდის დარღვევის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

ნუ იყო გარკვეული სპეკულაციები, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ამ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი, ვერავითარი აჟიოტაჟი ვერ შექმნეს. შეიძლება სადღაც იყო გარკვეული სირთულეები, თუმცა ვიტარება სრულად ექვემდებარება კონტროლს, არ არის სიმშვიდის დარღვევის არავითარი საფუძველი. იუსტიციის სამინისტრო, ყველა შესაბამისი უწყება ბოლომდე აკონტროლებს ვითარებას. 

ნახეთ მთავარი რა არის, საფუძელი არ ჰქონდა სპეკულაციებს, აქედან გამომდინარე ყველაფერი ძალიან მარტივად დამშვიდდა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ხდება სასჯელააღსრულების სისტემაში, რა სტანდარტებით მუშაობს, აქედან გამომდინარე, ასეთ ხელოვნურ სპეკულაციებს ვერ ექნება ვერაფერი საფუძველი. ბოლომდე არის კონტროლის ქვეშ ვითარება.

 ეს კადრები იმის მაჩვენებელია, რომ სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს ჩვენი პენიტენციური სისტემა. როცა საჭიროა იძულების ზომის გამოყენება, პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს იძულების ზომა გამოიყენება, თუმცა როგორც კადრებმა აჩვენა, ეს ყველაფერი ხორციელდება პროპორციულობის პრინციპის დაცვით. 

მე ვიცი რა არის საერთაშორისო სტანდარტები და ამ შემთხვევაში, პენიტენციური მოქმედებდა სტანდარტების შესაბამისად. ყველა უწყება არის გახსნილი. თუ არის პრეტენზიები, შეუძლია მიმართოს შესაბამის უწყებას. მიმართეს სახლახო დამცველს, მიმართეს სხვა უწყებას, რა თქმა უნდა, ყველა უწყება გასცემს პასუხს", - განაცხადა კობახიძემ. 

პრემიერი ამბობს, რომ გამოძიების პირველადი შედეგების შესახებ ინფორმირებულია. კობახიძის თქმით, რაც მალე დაიხურება გამოძიება პატიმრის მიერ გაჟღერებულ უმძმეს ბრალდებებზე, "მით უკეთესი".

გამოძიების პირველადი შედეგები რა თქმა უნდა ვიცით, თუმცა ერთ რამეს მოგახსენებთ, რომ რაც მალე დაიხურება ასეთი გამოძიება, მით უკეთესი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძება მალე იქნას ბოლომდე მიყვანილი. რეალურად, კადრებში ყველაფერი ჩანს, აქ ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტების შესაბამისად და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად"- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე

  • 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.
  • უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. უწყება გაუპატიურებას კატეგორიულად უარყოფს. 
  • უკმაყოფილებისა და განსჯის თემაა სახალხო დამცველის განცხადებაც,  სადაც ის ამბობს, რომ გავრცელებულ მასალაში ძალადობისა და თითით გაუპატიურების მტკიცებულება ვერ დაინახა. TV პირველის შეკითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი,ომბუდსმენმა გვითხრა, რომ ეს „დებულებაში უნდა ვნახოთ“.
  • სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.
  • მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ხმოვანი ვიდეოს გავრცელებას ითხოვს და აქციებს მართავს.

რა მოხდა რუსთავის ციხეში გაუპატიოურების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ: 

საჯაროდ გავრცელებული ცნებების თანახმად, მძიმე ბრალდების შემდეგ, №6 დაწესებულებაში პატიმრებმა პოტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართეს.

ერთ-ერთ კადრში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. ადვოკატებისა და ოჯახის წევრების თქმით, ბადრაგებმა ხელკეტებით სცემეს რამდენიმე პატიმარი, რომლებმაც გიორგი დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

თავად 36 წლის გიორგი დავითაძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა,  ამტკიცებს, რომ ბადრაგები რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში პატიმრების უპრეცედენტო ზეწოლაზე გადავიდნენ.

 

მსგავსი სიახლეები