ტობიეს კრამერი: "უნდა დავუწესოთ სანქციები საქართველოს დე ფაქტო ლიდერს - ივანიშვილს"
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება საკუთარი ხალხის შიშით პოლიტიკურ პარტიებს კრძალავს, მშვიდობიან მომიტინგეებს ძალადობით უპირისპირდება და ჟურნალისტებს აპატიმრებს. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრამერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართველებმა „იგემეს თავისუფლება და ევროპა“ და მასზე უარს არ იტყვიან, ამიტომ ევროკავშირმა საქართველო არ უნდა მიატოვოს, ხოლო ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს.
რამდენად სასოწარკვეთილი უნდა იყოს მთავრობა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალოს. რამდენად უნდა ეშინოდეს საკუთარი ხალხის, რომ სცემდეს მშვიდობიან მომიტინგეებს, აპატიმრებდეს ჟურნალისტებს და ქიმიურ საშუალებებს იყენებდეს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ სწორედ ამის მოწმენი ვართ საქართველოში, სადაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი თითქოს საბჭოთა კავშირის აღდგენის უცნაურ სურვილში გადავიდა — მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ერთი პრობლემა აქვს: თვითონ ქართველებს არ სურთ, კვლავ ჰომო სოვიეტიკუსად იქცნენ. მათ არ სურთ უბრალოდ თავის დახრა და გაჩუმება. ქართველებმა იგემეს თავისუფლება, იგემეს ევროპა და მასზე უარს არ იტყვიან. სწორედ ამიტომ არ უნდა ვთქვათ არც ჩვენ უარი საქართველოზე; სწორედ ამიტომ უნდა დავუდგეთ გვერდით დაკავებულ ჟურნალისტებს, როგორიცაა მზია ამაღლობელი; სწორედ ამიტომ უნდა დავუწესოთ სანქციები საქართველოს დე ფაქტო ლიდერს, ივანიშვილს, და სწორედ ამიტომ უნდა დავაბრუნოთ „ქართული ოცნების“ საბჭოთა ფანტაზიები იქ, სადაც მათი ადგილია — ჩვენი ისტორიის ყველაზე ბნელ ფურცლებზე. იმიტომ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, - განაცხადა კრამერმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები იმართება.