ევროპარლამენტარი: მათ, ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურა, მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ
ევროპარლამენტარი ჰელმუტ ბრანდშტეტერი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხისთვის „კოშმარად იქცა“ და ხელისუფლების მოქმედებებს ბელარუსის რეჟიმს ადარებს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბრანდშტეტერის თქმით, ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის, ევროპულ ფონდებს ქვეყნიდან აძევებს და „მოსკოვის ბრძანებით მოქმედებს“.
ამასთან, ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ელენე ხოშტარია, გათავისუფლდება, ხოლო მათ, „ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურა“, პასუხისგება მოუწევთ.
"ქართული ოცნება" ქართველი ხალხისთვის კოშმარად იქცა. ქართველი ოლიგარქი ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს. ეს ჩვენ ნანახი გვაქვს ბელარუსში — ორი დიქტატორი, პუტინისადმი ლოიალური ორი რეჟიმი, მძევლად ქცეული ორი ადამიანი. ორივე რეჟიმი აპატიმრებს პოლიტიკურ ოპონენტებს, ორივე მოსკოვის ბრძანებით მოქმედებს და ორივე პუტინივით კლავს საკუთარი ერის მომავალს. მათ უბრალოდ თავისუფლების ეშინიათ. ეშინიათ სიტყვის თავისუფლების და ახლა, პუტინისა და ლუკაშენკოს მსგავსად, „ქართული ოცნებაც“ ავიწროებს და აძევებს ევროპულ ფონდებს, როგორებიცაა კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდები. ამ ორგანიზაციებმა დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს წარმატებაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში, და ირონიულია, რომ „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრი სწორედ ამ ორგანიზაციებში მუშაობდა და სწავლობდა — ანუ მათ ისწავლეს დემოკრატია იმისთვის, რომ მოგვიანებით ის დაენგრიათ. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ყველა სისხლიანი რეჟიმი ემხობა. ყველა პოლიტპატიმარი, ელენე ხოშტარიას ჩათვლით, თავისუფლებაზე გამოვა, ხოლო მათ, ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურა, მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ ღალატისთვის, - თქვა სიტყვით გამოსვლისას ჰელმატ ბრენდშტატერმა.