გოშიევსკა: საქართველო ეკუთვნის ქართველ ერს, ევროპას და არა ივანიშვილს და პუტინს

08.10.26 00:04
გოშიევსკა: საქართველო ეკუთვნის ქართველ ერს, ევროპას და არა ივანიშვილს და პუტინს

ბიძინა ივანიშვილი ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში და ქვეყანა რუსული დიქტატურისკენ მიჰყავს - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშიევსკამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილმა "მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები, დაიმორჩილა მართლმსაჯულება, დევნის ოპოზიციას და სურს თავისი ოპონენტების პოლიტიკური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადება".

"ეს აღარ არის უბრალო პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ოლიგარქიული დიქტატურის დამყარების მცდელობა. ამ ყველაფრის მსხვერპლია მიხეილ სააკაშვილიც. ადამიანი, რომელიც იბრძოდა საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და წინ აღუდგა რუსულ აგრესიას, დღეს დაპატიმრებულია იმ ადამიანების მიერ, რომელთაც სურთ საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა. დაუყოვნებლივ, უპირობოდ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი! გაათავისუფლეთ ყველა პოლიტიკური პატიმარი! ევროკავშირს მივმართავ: მოდით, შევწყვიტოთ მხოლოდ დაგმობა. დროა გადამწყვეტი, კოორდინირებული ქმედებებისა ივანიშვილის, მისი ქონებისა და იმ ადამიანთა მთელი ქსელის წინააღმდეგ, რომლებიც ამ რეპრესიულ სისტემას ინარჩუნებენ. საქართველო ეკუთვნის ქართველ ერს და ევროპას, და არა ივანიშვილს და პუტინს" - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები