რატომ დაინტერესდა გამოძიება საქართველოს ფოსტის საქმიანობით - ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ე.წ. კლანებს შორის დაპირისპირება გრძელდება
რატომ დაინტერესდა გამოძიება საქართველოს ფოსტის საქმიანობით - ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არ არის ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ კორუფციული საქმიანობის უფლება მოიპოვოს ახალმა დაჯგუფებამ.
მათი თქმით, ე.წ. კლანებს შორის დაპირისპირება კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.
“ოცნება“ არის კორუფციაში დახელოვნებული, კორუფციის დიდოსტატების გუნდი. არსად, არცერთ სფეროში არ უნდა გაგიკვირდეთ სავარაუდო და შესაძლო კორუფცია, ვინაიდან, ეს ადამიანები გვეუბნებიან უკვე, რომ კორუფციაში იხრჩობოდნენ, ეს იყო მათი საფირმო ნიშანი და კობახიძე ისე საუბრობს, თითქოს, 2 წელია იყვნენ ხელისუფლებაში, და თვითონ არ იყვნენ პასუხისმგებლები, თვითონ იყვნენ პარლამენტში, უმრავლესობაში და თვითონ აძლევდნენ ხმას, რომ ეს ადამიანები მთავრობაში ყოფილიყვნენ, - ამბობს ლევან სამუშია.
ბორის ჩელე ყურუა არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ფოსტაში აღმოჩნდება დასაქმებული ადამიანი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ახლობელია.
პრემიერ მინისტრმა მმართველობის 14 წლის შემდეგ გამოგვიცხადა, რომ ელიტური კორუფცია მოისპო, კითხვა ჩნდება, რას აკეთებდნენ ამდენი ხანი. ახლა შეიძლება აღმოჩნდეს, რომ საქართველოს ფოსტაში 14 წლის განმავლობაში ფულს იპარავდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი აღმოაჩინეს და აღკვეთეს დღეს. მერე აღმოაჩნენე, რომ იმ ფოსტაში დასაქმებული ადამიანი, უფროსი ღარიბაშვილის ახლობელი იყო და რადგან ღარიბაშვილი პრემიერი არ არის, იმიტომ მიადგნენ ამ ადამიანებს. აქ რეალური მიზეზია შემადგენლობსი შეცვლა და არა ის, რომ კორუფციას და კორუფციის გამომწვევს ებრძოლონ, - აცხადებს ბორის ჩელე ყურუა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ყველაფერი არის საბოლოო ჯამში გამოხატულება იმ შიდა რყევებისა და დაპირისპირებისა, რომლის ფონზეც, ქართველი ხალხის აქტიურობით, თავისუფლად მოხერხდება ივანიშვილის რეჟიმის დასრულება.
ივანიშვილის რეჟიმს არასდროს სდომებია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ამიტომაც, ყველა მსგავსი ქმედება, თუნდაც ფოსტის შენობაში შესვლა, მანამდე ამის ფაქტობრივი დაანონსება, ე.წ. პრემიერ მინისტრის მიერ, ყველაფერი არის საბოლოო ჯამში გამოხატულება იმ შიდა რყევებისა და დაპირისპირებისა, რომლის ფონზეც, ქართველი ხალხის აქტიურობით, თავისუფლად მოხერხდება ივანიშვილის რეჟიმის დასრულება, - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიებას აწარმოებს. უწყებაში გამოძიების მიმდინარეობა დაადასტურეს, თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის დაიწყო გამოძიება.
- ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე „საქართველოს ფოსტაში“ შუამავალი კომპანიების საქმიანობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი „კორუფციის კარგი საშუალება იყო“. პრემიერის თქმით, საკითხს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან.
- ლევან ჩიკვაიძე „საქართველოს ფოსტას“ 2012 წლიდან 2025 წლის ზაფხულამდე ხელმძღვანელობდა, რის შემდეგაც ის გიორგი ერაძემ შეცვალა.
- კომპანიის ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „საქართველოს ფოსტამ“ 2025 წელი 8,6 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, მაშინ როდესაც 2024 წელს 864 ათასი ლარის მოგება ჰქონდა. კომპანიის წლიური ამონაგები 3,5%-ით შემცირდა და 82,3 მილიონი ლარი შეადგინა.