“ოცნება“ არ ზრუნავს ქართული არმიის გაძლიერებაზე, 730 მილიონი დოლარი, რომელიც თავდაცვაზეა გამოყოფილი, სასაცილო თანხაა - კუპრაძე
ქართული არმია საქართველოს მოქალაქის სიამაყის საფუძველია, მაგრამ ხელისუფლება არ ზრუნავს მის გაძლიერებაზე. 730 მილიონი დოლარი სასაცილო თანხაა, როცა ჩვენ საერთაშორისო შესყიდვებზე - იარაღის შესყიდვებზე ვსაუბრობთ. ეს თანხა არ ეყოფა „თბილისის დინამოს“, რომ 4-5 კარგი ფეხბურთელი შეისყიდოს , - ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2027 წლის ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროს 750 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი, რაც სასაცილო თანხაა.
„მიუხედავად იმისა, რომ „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ 2024 წლის არჩევნების შემდეგ უარი ვთქვით პარლამენტში მუშაობაზე, იმაზე, რომ გვეღიარებინა ანტიქართული, არაქართული, გამყალბებელი „ოცნების“ შედეგები, არ ვაპირებთ, მხილების გარეშე დავტოვოთ რამე ტიპის ქმედება, რომელსაც არაქართული „ოცნება“ ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ დგამს. ამ ვითარებაში ვაპირებთ, ვამხილოთ თითოეული მათი ქმედება. რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ე.წ. პარლამენტში დარეგისტრირდა მომდევნო წლის ბიუჯეტი. ჩვენ არ დავტოვებთ არც ერთ პუნქტს, რომელზეც არ მოგიყვებით თქვენ, ქართველ ხალხს, როგორ ძარცვავენ, როგორ ანადგურებენ მთელ ქართულ ინსტიტუტებს და ჩვენს საამაყო სივრცეებს არაქართული „ოცნება“ და ივანიშვილის დამქაშები.
დღეს მოგიყვებით ქართული ჯარის, ქართული არმიის შესახებ, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის სიამაყეა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ 2027 წელს ქართული არმიის ბიუჯეტი თითქმის არ იზრდება, საუბარია 75 მლნ ლარზე.
გაგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის პირობებში არაქართულმა „ოცნებამ“ 2025 წელს შეამცირა მთავარ მიმართულებებზე დაფინანსება საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის და უზრუნველყოფის. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ შემცირების პირობებში, 4 ძირითად მიმართულებაზე - ინფრასტრუქტურაზე, შესყიდვებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე თითქმის არ არსებობს დაფინანსება და უსაფრთხოება საქართველოს სახელმწიფოსთვის. ეს შემცირებული ბიუჯეტი აღარასდროს გაზრდილა და მხოლოდ ახლა, მხოლოდ ხელფასებში, მხოლოდ მინიმალურ მატებაზეა საუბარი. მაშინ, როცა ჩვენს რეგიონში აზერბაიჯანს აქვს 5.2 მილიარდ დოლარიანი ბიუჯეტი, სომხეთს აქვს 1.7 მილიარდ დოლარიანი ბიუჯეტი, საქართველოს არაქართული „ოცნების“ პირობებში თავდაცვაზე 730 მილიონი აქვს გამოყოფილი. წარმოიდგინეთ, აზერბაიჯანის თავდაცვის ბიუჯეტი 5-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოს ბიუჯეტი, სომხეთის ბიუჯეტი 2-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოს ბიუჯეტი. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მათი პროპაგანდა მშვიდობაზე მხოლოდ და მხოლოდ სიყალბეა, რადგან შეუძლებელია მშვიდობას მიაღწიო, თუ ძლიერი ჯარი არ გყავს. ჩვენ გვყავს ძლიერი, ღირსეული სამხედრო პირები, ჯარისკაცები, ქართული არმია საქართველოს მოქალაქის სიამაყის საფუძველია, მაგრამ ხელისუფლება არ ზრუნავს მათ გაძლიერებაზე. 730 მილიონი დოლარი სასაცილო თანხაა, როცა ჩვენ საერთაშორისო შესყიდვებზე - იარაღის შესყიდვებზე ვსაუბრობთ. ეს თანხა არ ეყოფა „თბილისის დინამოს“, რომ 4-5 კარგი ფეხბურთელი შეისყიდოს. სამარცხვინო მიდგომაა არაქართული „ოცნების“ მხრიდან, მათ მორალური უფლება არ აქვთ, ისაუბრონ საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე და რეალურ მშვიდობაზე. ამ ბრძოლაში ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ „ლელო - ძლიერი საქართველო“ ვამხელთ თითოეულ იმ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც ბიუჯეტის ფორმირებისას გამოიხატება, მათ შორის, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. „ლელო ძლიერი საქართველოს“ პოზიცია არის მკაფიო და მარტივი - ძლიერი არმია ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ძლიერი არმია და ჯარი ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს და სამშობლოს, ამას სჭირდება ის, რომ რეალურად გაიზარდოს ქართველი სამხედრო მოსამსახურის ხელფასი და ეს ხელფასი უნდა გაორმაგდეს“, - განაცხადა კუპრაძემ.