"ძალიან მძიმე მდგომარეობაშია" - კობახიძემ ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს შეადარა

09.10.26 11:59
"ძალიან მძიმე მდგომარეობაშია" - კობახიძემ ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს შეადარა

ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტი საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს შეადარა და დღეს ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ ევროპის კავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი "მძიმე მდგომარეობაშია". 

მთავრობის მეთაური აღნიშნული კომენტარით ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. 

"როდესაც ასეთ რეზოლუციას ამტკიცებს ევროპარლამენტი, როდესაც ასეთი შინაარსის დებატები იმართება ძალიან რთულია რაიმე დადებითი კომენტარი გააკეთო, უფრო მეტიც, არ გააკეთო უარყოფითი კომენტარი", - განაცხადა კობახიძემ. 

„თქვენ იცით, ხშირად მოგვიწოდებენ, განსხვავებული რიტორიკით ვისაუბროთ ევროპულ ინსტიტუტებთან მიმართებით, მაგრამ როდესაც ასეთ რეზოლუციას ამტკიცებს ევროპარლამენტი, როდესაც ასეთი შინაარსის დებატები იმართება ძალიან რთულია რაიმე დადებითი კომენტარი გააკეთო, უფრო მეტიც, არ გააკეთო უარყოფითი კომენტარი.

რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებებით ევროპარლამენტი მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. მგონი, უზენაესი საბჭო უფრო კარგ მდგომარეობაში იყო 80-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი საკუთარი არსებობის ბოლო წლებს ითვლიდა. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი, მთლიანად ევროპული ბიუროკრატია არის მძიმე მდგომარეობაში, ამის გამოხატულებაა ასეთი დებატები, დოკუმენტები. ქართული საზოგადოებისთვის ეს აღარ არის საინტერესო“,- განაცხადა კობაიძემ.

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ“. კენჭისყრისას 97-მა ევროპარლამენტარმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

დოკუმენტში ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას მოითხოვს.

ამასთან, ევროპარლამენტი ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ პერსონალური სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციაში საუბარია საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის, მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და პოლიტიკური დევნის შესახებ.