"ჩვენი საქმეა, რომ მთლიანად ვასუფთავებთ პროცესებს" - კობახიძე "საქართველოს ფოსტაში" გამოძიებაზე
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "საქართველოს ფოსტაში" მიმდინარე გამოძიება საგამოძიებო უწყებების საქმე. "ჩვენი საქმეა, რომ მთლიანად ვასუფთავებთ პროცესებს" - უთხრა დღეს ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა.
"ოცნების" ლიდერის თქმით, საქართველოს ფოსტაში გასული წლის ივნისისთვის დასრულდა პროცესების გადალაგება -"როცა ჩვენ მოვახერხეთ ყველაფერში ჩახედვა".
გამოძიება არის საგამოძიებო უწყებების საქმე. ჩვენი საქმე არის ის, რომ რადიკალურად გავზარდეთ „საქართველოს ფოსტის“ მოგება. „საქართველოს ფოსტა“ წლების მანძილზე იყო წაგებიანი ორგანიზაცია და მას შემდეგ, რაც შეიცვალა მენეჯმენტი, ბატონი გიორგი ერაძე დაინიშნა „საქართველოს ფოსტის“ ხელმძღვანელად, რადიკალურად შეიცვალა პროცესები „საქართველოს ფოსტაში“. ამან მოუტანა „ფოსტას“ დამატებით მრავალმილიონიანი როგორც დანაზოგი, ისე ახალი შემოსავლები. წელს „საქართველოს ფოსტა“ კეთილსინდისიერი და სწორი მენეჯმენტის პირობებში პირველად გავა მოგებაზე და ეს ტენდენცია შენარჩუნდება და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მომდევნო წლების განმავლობაში.
ზოგადად, მუდმივი პროცესია მენეჯმენტის ეფექტიანობის გაუმჯობესება. მე რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დაახლოებით წელიწად-ნახევარი უკვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნიდან დაგვჭირდა ჩვენ იმისათვის, რომ ბევრი რამ გამოგვევლინა და გადაგველაგებინა. პრინციპულად, დაახლოებით წელიწადში და ხუთ თვეში, გასული წლის ივნისისთვის დასრულდა პროცესების გადალაგება, როცა ჩვენ მოვახერხეთ ყველაფერში ჩახედვა, საკადრო ცვლილებების განხორციელება, ამას დასჭირდა თავისი დრო. იყო პრობლემები, პრობლემები იქნა დაძლეული, ჩვენთვის მთავარი ეს არის.
რაც შეეხება წარსულს, თუ რაიმე არის გამოსაძიებელი, ამას გააკეთებენ შესაბამისი უწყებები. ჩვენი საქმე არის ის, რომ მთლიანად ვასუფთავებთ პროცესებს. „საქართველოს რკინიგზაც“ არის ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. წელს დასრულდა მთლიანად პროცესების გასუფთავება. ლაშა აბაშიძესაც დასჭირდა თავისი დრო იმისათვის, რომ მთლიანად გაესუფთავებინა პროცესები", - ამბობს კობახიძე.