კობახიძე ირწმუნება, რომ კორუფცია "ზედა ეშელონებში" მხოლოდ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს იყო

09.10.26 14:31
კობახიძე ირწმუნება, რომ კორუფცია "ზედა ეშელონებში" მხოლოდ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს იყო

ირაკლი კობახიძე ამტკიცეს, რომ კორუფციამ ზედა ეშელონებში მხოლოდ კონკრეტულ 2-წლიან პერიოდში იჩინა თავი - მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდზე საუბრობს. 

პრემიერი ირწმუნება, რომ ასეთი ტიპის პრობლემები ღარიბაშვილამდე არ ყოფილა - "ხოლო დღეს კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია არა მხოლოდ ზედა ეშელონებში, ასევე წამყვან სახელმწიფო უწყებებში და სახელმწიფო საწარმოებში".

"ოცნების" ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნიდან დაახლოებით წელიწადნახევარი გახდა საჭირო იმისთვის, რომ ბევრ რამეში ჩაეხედათ, გამოევლინათ, გადაელაგებინათ და ეს პროცესი 2025 წლის ივნისში დასრულდა.

ეს პრობლემები [კორუფცია] დაახლოებით ორწლიანი პერიოდის განმავლობაში იყო. როგორც კი ასეთი პრობლემები სისტემური სახით გამოვლინდა, ჩვენ მაშინვე ჩავერიეთ, მაშინვე გაკეთდა განაცხადი და ძალიან მკაფიო მინიშნება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ის გარკვეულ პრობლემებს ხედავდა, რასაც დაძლევა და მოგვარება სჭირდებოდა. ჩვენ ამაზე მუშაობა მყისიერად დავიწყეთ.

დაახლოებით 2-წლიანი პერიოდი იყო, როდესაც გარკვეული სუბიექტური, არასწორი მოქმედებების გამო თავი კორუფციულმა პრობლემებმა იჩინა. ჩვენ იმდენად ვიყავით დაკავებული თავდაცვით იმ თავდასხმების მიმართ, რაც გარედან ხორციელდებოდა, რომ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ყველაფერზე კონცენტრირება რთული იყო.

დღეს სახელმწიფო ძლიერია, ისე როგორც არასდროს და შეგვიძლია თანაბრად ვიყოთ კონცენტრირებული როგორც გარე თავდასხმების მოგერიებაზე, ასევე ქვეყნის შიგნით კორუფციასთან ბრძოლაზე.

კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია არა მხოლოდ ზედა ეშელონებში, ასევე წამყვან სახელმწიფო უწყებებში და სახელმწიფო საწარმოებში. რაც შეეხება ქვედა დონის კორუფციას, აქ ნებისმიერ ქვეყანაში მუდმივი ბრძოლაა საჭირო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.