გამოძიება ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ - შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილ პასუხისმგებლობაზე საუბრობს

09.10.26 14:41
გამოძიება ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ - შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილ პასუხისმგებლობაზე საუბრობს

შალვა პაპუაშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ეხმაურება და სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობაზე საუბრობს 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნანა ყეინიშვილის კანდიდატურა თავის დროზე სალომე ზურაბიშვილმა შეარჩია, ამიტომ სწორედ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა უნდა უპასუხოს კითხვას, როგორ შეარჩია ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად.

„რაც მოვისმინეთ, როგორც ჩანს, არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ეს საკითხი უფრო დეტალურად იქნას გამოკვლეული, ამიტომ გამოძიების საკითხია და დაველოდოთ გამოძიების შედეგს.

ეს მას [სალომე ზურაბიშვილს] უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია და როგორ იყო კანდიდატურები წარმოდგენილი, ეს მისი პასუხისმგებლობაა, თუმცა ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტიც დეტალურად გაეცნოს, ამ შემთხვევაში, დეტალურად გარკვეულიყო რაც ეხება წევრების არჩევას. დანარჩენზე თვითონ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გიპასუხოთ. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო რეაგირებს ამ საკითხზე“, - აცხადებს პაპუაშვილი.

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.