“ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ თავდაცვის ბიუჯეტში მხოლოდ ტექნიკური ხასიათის კლებაა

09.10.26 15:35
“ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ თავდაცვის ბიუჯეტში მხოლოდ ტექნიკური ხასიათის კლებაა

“ქართული ოცნება“ თავის მართლებაზეაა გადასული - ივანიშვილის დაფუძნებულ პარტიაში ამტკიცებენ, რომ თავდაცვის ბიუჯეტში თანხების კლება მხოლოდ ტექნიკური ნაწილია, მაგრამ რეალურად ჯარი მათ პრიორიტეტად რჩება.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შარშანდელ ბიუჯეტში გარკვეული სპეციფიკური ხარჯი იყო გათვალისწინებული, რაც წელს აღარ არის გათვალისწინებული.

ამ შემცირებას აქვს მხოლოდ ტექნიკური მიზეზი – გარკვეული სპეციფიკური ხარჯი იყო გათვალისწინებული შარშანდელ ბიუჯეტში, რაც წელს აღარ არის გათვალისწინებული. მუდმივად იზრდება თავდაცვის ბიუჯეტი და ასეც გაგრძელდება – თავდაცვა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ბუნებრივია, ინვესტიციები არის საჭირო თავდაცვის მიმართულებით და მაქსიმალური ზრუნვა იქნება გამოხატული თავდაცვის მიმართ, ჯარის მიმართ მომავალშიც“, – განაცხადა კობახიძემ.

ფინანსთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ბიუჯეტი გადაიხედება და არსებითი ცვლილებები იქნება. 

ეს არის პირველადი ვერსია, გაგრძელდება მუშაობა, მათ შორის პარლამენტის მხრიდან წარმოდგენილი შენიშვნების და კომენტარების გათვალისწინებით, უკვე ნოემბრის დასაწყისში გვექნება უკვე განახლებული ვერსია, სადაც არსებითად ცვლილებები იქნება.  ყველა მიმართულებით შეიძლება შეიცვალოს, ზრდის მიმართულებით, - ამბობს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი.

თუმცა, ცვლილებების აცუილებლობას ვერ ხედავს მინისტრის მოადგილე. გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ თავდაცვის ბიუჯეტი ყველაზე ნაკლებად არ იზრდება და მასზე ნაკლები აქვს განათლების და სოციალურ უწყებებს. 

შინაარსობრივად გათვალისწინებულია 335 მილიონი ლარი შეიარაღების ნაწილში, 150 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც შეეხება ლოჯისტიკას, ლოჯისტიკაში არის ის ხარჯები, რაც სჭირდება მიმდინარე ექსპლუატაციის ხარჯებს. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე - თქვენ შეგიძლიათ დამისახელოთ, თუ ჩვენ ომის მზადებისთვის ვაპირებთ, მაგ შემთხვევაში, რა მოცულობის ხარჯები უნდა გავითვალისწინოთ ბიუჯეტში. თავდაცვა ყველაზე ნაკლებად არ იზრდება, ყველაზე ნაკლებად არის განათლება, სოციალური და ამის შემდეგაა თავდაცვის და ასეთი მნიშვნელოვანი უწყებები, - ამბობს გიორგი კაკაურიძე.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 1.97 მილიარდი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 75 მილიონი ლარით იზრდება. ეს უწყება იმ სამეულში მოხვდა, რომელსაც მატება ყველაზე ნაკლებად შეეხო. 

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს არის ფორმალური და სიმბოლური ზრდა.